“ეს არის უაზრო ბრალდება, თითქოს მე ჟურნალისტები მოვიწვიე რესტორანში, სადაც ვსადილობდი და გავედი სათადარიგო გასასვლელიდან. ეს არის აბსურდი, მე არასოდეს ასეთი მიდგომა არ მქონია. მე მაქვს თქვენი პატივისცემა და ეს იქნებოდა უპატივცემულობა. მე არავინ არ მომიწვევია, იმ დღეს ერთხელ გავაკეთე კომენტარი და აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეორედაც გამეკეთებნა. მე დღეს ერთგან ვსადილობ, ხვალ მეორეგან და ყოველთვის კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდის გავაკეთებ კომენტარს, ამას ვწყვეტ მხოლოდ მე”, – განუცხადა დღეს ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი

2 აპრილს შს მინისტრი ბათუმში ჩავიდა, სადაც აჭარის პოლიციის უფროსს – ვალერი თელიას შეხვდა. მანამდე, ფოთში სტუმრობის დროს გააკეთა კომენტარი თელიასა და საიას თანამშრომლებს შორის ბათუმში მომხდარ ინციდენტზე და აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციის უფროსი ვალდებული იყო დაეცვა პოლიციელის მუნდირი, რადგან საიას თანამშრომელმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ღარიბაშვილმა იმ დღეს ინციდენტი ამოწურულად გამოაცხადა, თუმცა გენინსპექციის დასკვნას ამ საკითხზე უნდობლობას უცხადებენ საიას წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ გაყალებულია ფაქტები.

 

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ვალერი თელია მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ინციდენტს საიას წარმომადგენლებთან, თუმცა ეს საკითხი არ იყო ასახული გენინსპექციის დასკვნაში. ჟურნალისტებს ამ და სხვა საკითხებზე ჰქონდათ დამატებითი შეკითხვები მინისტრთან, რის გამოც მივიდნენ რესტორან “აჭარულ სახლთან”, სადაც ღარიბაშვილი იმყოფებოდა ვალერი თელიასთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად.

 

„აჭარულ სახლთან“ 4-საათიანი ლოდინის შემდეგ რესტორნიდან ერთ-ერთი პირი გამოვიდა, რომელიც ჟურნალისტებს, როგორც შს მინისტრის დაცვის წევრი, გაეცნო და უთხრა, რომ მინისტრი 10 წუთში გამოვიდოდა, თუმცა საბოლოოდ შს მინისტრმა რესტორნის ტერიტორია მედიასთან შეხვედრის გარეშე დატოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *