მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე გაანალიზდა ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილება, ასევე, არასმთავრობო ორგანიზაციების და დარგის ექსპერტების რეკომენდაციები:
“ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტი უნდა იყოს ცალკე სტრუქტურა, წოდებით უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე იყო. ეს გარდა იმისა, რომ უბრალოდ ხაზს გაუსვამს მის მნიშვნელობას, ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ მეტი დახმარება, მეტი საბიუჯეტო ნაკადი იყოს მიმართული, მეტი გრანტების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს და მეტი საერთაშორისო დახმარება მოიპოვონ. ვფიქრობ, რომ ამ სახის ცვლილებით მნიშვნელობვნად გაუმჯობესდება და დადებითი ცვლილებები იქნება განხორციელებული”.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი 2012 წლის ზაფხულიდან ჯანდაცვის სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში გადავიდა. თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამთავრობო კომისია მუშაობდა დეპარტამენტის რეორგანიზაციის საკითხზე და რომ განიხილებოდა სამი სამუშაო ვარიანტი:
“პირველი – დარჩეს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში, მაგრამ გამოვიდეს გაერთიანებული შტაბიდან და გადავიდეს სამოქალაქო ნაწილში, ერთ-ერთ მოადგილეს დაექვემდებაროს. მეორე – გაჩნდეს უწყება და გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტყროში და მესამე ვარიანტია- შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, უწყება, რომელიც დაექვემდებარება მთავრობას და პრემიერ- მინისტრს”.
ალასანიამ მაშინ განაცხადა, რომ მესამე ვარიანტის, ანუ დეპარტამენტის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების მომხრე იყო.