ახალი ამბები

სტალინის ფოტო ბაგრატის ტაძარში – რას ამბობენ საპატრიარქოში

16 მაისი, 2017 • 5647
სტალინის ფოტო ბაგრატის ტაძარში – რას ამბობენ საპატრიარქოში

არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” ხელმძღვანელი გია გოქაძე ავრცელებს ფოტომასალას, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, გადაღებულია ბაგრატის ტაძარში, სადაც მოეწყო ფოტოგამოფენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით. ტაძარში გამოფენილი საეკლესიო მოღვაწეების ფოტოების გვერდითაა იოსებ სტალინის ფოტო.

“სტალინი თვითონ არბევდა ეკლესიებს. 1921 წლისთვის 1500 ეკლესია იყო საქართველოში და 15 ეკლესია დარჩა სტალინის რეპრესიების შედეგად. არაერთი სასულიერო პირი იყო რეპრესირებული და დახვრეტილი, მათ შორის, ამბროსი ხელაია. სურათის გამოფენა არის კატასტროფა და პუტინის პოლიტიკის გატარება ქვეყანაში,” – უთხრა გია გოქაძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, ბაგრატის ტაძარი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა და სტალინის ფოტო იქ არ უნდა გამოიფინოს:

“ვინც ამას ახორციელებს და მხარს უჭერს, ის არის ჩვეულებრივი კაგებეშნიკი. ეს მღვდლებიდან მოდის, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში ბევრი პატრიოტი მღვდელია, რომლებიც ამ საკითხს უყურებენ. ბაგრატი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა, ის მარტო ქრისტიანების არ არის, ყველა ჩვენი მოქალაქისაა, რადგან ქვეყნის ერთიანობასთან ასოცირდება და ასეთ ადგილზე სტალინის ფოტოები გამოფინეს. კატასტროფაა.”

ფოტო: გია გოქაძე

რატომ გამოიფინა სტალინის ფოტო ეკლესიაში – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს მიმართა. მისი თქმით, ამ გამოფენის შესახებ არაფერი იცის და მოიკითხავს, რა ხდება. კითხვას, რამდენად მიზანშეწონილია სტალინის ფოტოს ტაძარში გამოფენა, ბოტკოველი პასუხობს:

“შენ მისმენ მე, თუ მარტო შენ სვამ კითხვებს? მე უნდა დაგიჯეროთ ახლა თქვენ, რომ სტალინის სურათია ტაძარში? ხომ უნდა გავერკვიო, არა?! ცოტა სხვასაც მოუსმინეთ ხოლმე!- აღნიშნა ბოტკოველმა.

 

update: ინფორმაციის გავრცეების შემდეგ, ბაგრატის ტაძარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მივიდნენ. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ნიკა ნარსიას განცხადებით, მათ სტალინის ფოტო აღებული დახვდათ. ადგილზე მყოფმა ეკლესიის თანამშრომელმა, მათ განუცხადა, რომ მიზეზი მეუფე კალისტრატესთან მოიკითხონ.

 


1917 წლის 12 (25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე  ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. იმავე წლის სექტემბერში, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, ეკლესიამ კვლავ აირჩია პატრიარქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი