
რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ “გაზეთ ბათუმელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ ბათუმში შესაძლოა ახალი მეჩეთი აღარ აშენდეს და მოხდეს არსებულის გაფართოება, რადგან გაფართოების წინააღმდეგი არ არის საზოგადოება. კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს არჩილ ხაბაძე საზოგადოებაში, მან ასეთი პასუხი გასცა:
“ჩვენ გვქონდა და გვექნება კონსულტაციები არასამთავრობოებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. იქნებიან ესენი მწერლები თუ სხვა ვინმე, ვისთანაც შეიძლება ამ თემაზე საუბარი.”
გუშინ, 2 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი მწერლების წერილი მიიღო:
“ბატონო არჩილ, ისტორიისა და მომავალი თაობების გასაკიცხი და დასაგმობი რომ არ დავრჩეთ, მოგმართავთ თხოვნით, თანაც, ვაფიქსირებთ ჩვენს მტკიცე და შეუვალ პოზიციას ბათუმში მიმდინარე მუსლიმანური სამლოცველოს ნიღბით შებურვილ საკითხებთან დაკავშირებით,” – ასე იწყება წერილი, რომელსაც აჭარაში მოღვაწე ქართველი მწერლების სახელით ხელს აწერენ: დავით თედორაძე (საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე), ვახტანგ ღლონტი, ანზორ კუდბა, რამაზ სურმანიძე, შოთა ზოიძე,[ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში 2012 წლის არჩევნების დროს] ემენ დავითაძე, ბელა ქებურია, იაშა თანდილავა, არჩილ ბერიძე, სანდრო ბერიძე, ნიაზ ბოლქვაძე, გენრიეტა ქუთათელაძე, გენრი დოლიძე.
“თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება თურქთა ექსპანსია, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საქართველო ისევე დაკარგავს აჭარას, როგორც ბერძნებმა დაკარგეს კვიპროსის ნახევარი,” – ნათქვამია მწერლების წერილში.
წერილში ასევე მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც, როგორც თავად ავტორები მიუთითებენ, ხალხში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა:
“ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ამჟამად ბათუმში დასაქმებულია და ცხოვრობს 30 ათასზე მეტი თურქეთის მოქალაქე. ამათგან უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობაც მინიჭებული აქვსო. თუ ეს ასე არ არის, შესაბამისმა ორგანოებმა გასცენ სწორი პასუხი ამ ფაქტით შეშფოთებულ ხალხს.
ამავე ორგანოებმა უპასუხონ მოსახლეობის კითხვას, ვის ინტერესებშია ბათუმსა და გონიოში თურქი მოქალაქეების მიერ გახსნილი 100-მდე ბორდელი. რატომ არ ხდება მათი ლიკვიდაცია? ეს ხომ წარმოუდგენლად უარყოფით როლს თამაშობს ჩვენი ახალგაზრდების მორალსა და ზნეობაზე”.
წერილში ავტორები აცხადებენ, რომ ვერ გაუგიათ, რატომ უნდა აღელვებდეს 80- მილიონიანი სახელმწიფოს პირველ პირს აშენდებდა თუ არა ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი, “თუ სხვა ავი მიზნები არ ამოძრავებს”:
“უბრალო ხალხმა შეიძლება არა, მაგრამ პოლიტიკოსმა ხომ უნდა იცოდეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაუთოღლუს დოქტრინა ოსმალეთის იმპერიის აღდგენის თაობაზე. ნუთუ არ ფიქრობთ, როგორი გამაღიზაანებელი იყო აჭარელი მუსლიმების დამცველის მანტიაში გახვეული ამ პიროვნების ქადაგებები: ამავე საბაბით, ღმერთმა ნუ ქნას და მომავალში, თუ რაიმე დაპირისპირება მოხდა, მუსლიმთა დასაცავად, ჯარსაც შემოიყვანს უაპელაციოდ,” – მიმართავენ აჭარაში მოღვაწე მწერლები ადგილობირვი მთავრობის თავმჯდომარეს.

რამდენიმე დღის წინ აჰმედ დავითოღლუმ ბათუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობა აჭარაში მცხოვრები მუსლიმების საჭიროებაა და თურქულ მხარეს სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს ამ საკითხში:
„ამ საკითხზე ჩვენ შევხვდით საქართველოს პატრიარქს და საქართველოს პრემიერ- მინისტრმაც განაცხადა, რომ ის გაიღებდა შესაწირს ამ მშენებლობისთვის. თურქეთში ასი ათასამდე მუსლიმი ქართველი ცხოვრობს, იქ არ ცხოვრობენ ქრისტიანები. თუკი იქნებიან, ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას ეკლესიის მშენებლობაში, რადგან რელიგიურ გრძნობებს ჩვენ პატივს ვცემთ“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მწერლების მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ დღეისათვის აჭარაში 200-ზე მეტი მეჩეთია, 55 მედრესე, 9 მედრესე-პანსიონი და რომ საკმარისზე მეტია აჭარაში მუსლიმი მლოცველებისთვის მოქმედი სამლოცველოები:
“ამას ემატება სეზონური მეჩეთები და მედრესეები. საბოლოო ჯამში კი, მათი რაოდენობით ოსმალთა ბატონობის დროს გავუსწარით.
ბატონო არჩილ, თქვენ, როგორც ამ კუთხის ღვიძლ შვილს, მოგწონთ ეს?! არც ჩვენ მოგვწონს, მაგრამ საწინააღმდეგოდ აქამდე სიტყვა არ დაგვცდენია. ვფიქრობდით, რატომ უნდა ჩამოსულიყვნენ შორეული სოფლებიდან მლოცველები ბათუმში, როცა კანონით ჰქონდათ უფლება აეშენებინათ სამლოცველო საკუთარ სოფელში. ამას ინტელიგენცია გაგებით შეხვდა, თუმცა არც ის არის დასამალი, რომ ამ მეჩეთების უმრავლესობა უცხო ფულით არის აშენებული და ესეც გარკვეულ კითხვებს ბადებს.
რატომ ან ვის ვუმალავთ, თურქეთს რომ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები?”
აჭარაში მოღვაწე მწერლები მიიჩნევენ, რომ შეცდომაშია შეყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
“ვფიქრობთ, კონსულტანტების მიერ შეცდომაშია შეყვანილი ჩვენთვის მეტად ძვირფასი და გონიერებით სხვათაგან გამორჩეული პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, თორემ აჭარელთა სურვილის საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამს”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე შეთანხმება მოხდა, რის შემდეგაც მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაავალა მეჩეთის ასაშენებლად შესაბამისი ადგილის მოძიება და გამოყოფა. თუმცა ამჯერად არჩილ ხაბაძე პოზიციას ცვლის:

“საკითხი დგას ასე, არის ახლის აშენების ვარიანტიც და არსებულის გაფართოებისაც. ჩვენ ვთავაზობთ გაფართოებას, რადგან საზოგადოებაც არ არის გაფართოების წინააღმდეგი… როცა აშენებაზე გაკეთდა განცხადება, მაშინ იყო ამაზე საუბარი. მათი მხრიდან მოთხოვნა არის მაქსიმუმი, ჩვენ ვთავაზობთ შუალედურს. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის არ მოხდეს დაპირისპირება, არ წამოვიდეს აგრესია. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, ახალი აშენდეს, თუ არსებული გაფართოვდეს… რადიკალური მოთხოვნების შემთხვევაში, დრო დასჭირდება, გაფართოების შემთხვევაში კი მზაობა არის. მართალია, ამასაც დასჭირდება დრო, რადგან უნდა მომზადდეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება მეჩეთის გაფართოება ისე, რომ არ დაირღვეს უბნის ურბანული იერსახე. მოკლევადიან პერსპექტივაში არც ეს მოხდება.”
არსებული მეჩეთის გაფართოებას გამორიცხავს ტარიელ ნაკაიძე:
“მეჩეთის გაფართოება გამორიცხულია. ფიზიკურად გაფართოება ვერ მოხდება, რადგან ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სად უნდა დაუდგან ახალი ნაწილი? მეჩეთის გაფართოება შეუძლებელია და ამასთან, ჩვენ, ქართველ მუსლიმებს გვაქვს ამის უფლება, რომ ავაგოთ ახალი ტაძარი,” – ამბობს “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავჯდომარე ტარიელ ნაკაიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ხაბაძისთვის გაგზავნილ წერილში მწერლები აცხადებენ, რომ გამაღიზიანებელი იყო ნაკაიძის განცხადება:
“გვინდა ერთს ავაშენებთ, გვინდა სამს, გვინდა ათს, კომფორტში უნდა ვიცხოვროთ და საერთოდაც რომ არ გვჭირდებოდეს, მაინც ავაშენებთო“. ნაკაიძის ჭკუით მრავალჭირვარამგამოვლილი აჭარა არ ივლის, ხოლო მისი ხელისშემწყობები დაწყევლილი იქნება სამშობლოდაკარგული მომავალი თაობების მიერ”.
“მე ნამდვილად არ ვიღებ სერიოზულად მწერლების ასეთ განცხადებას იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ჩირქი მოსცხონ და პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ეს საკითხი. ჩვენთვის მხარე არის სახელმწიფო, ვისგანაც ვითხოვთ მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. სახელმწიფოს წარმომადგენელმა უნდა გაითვალისწინოს ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ მივმართავთ მოთხოვნით და შესაბამის რეაგირებას მოვითხოვთ. ჩვენ მეჩეთის მშენებლობას ვითხოვთ უკვე 10 წელია. ბრალდებები, რომ ვიღაც მოღალატეა და ა.შ. ამაზე ისტორია იტყვის თავის სიტყვას. ბათუმში აუცილებლად აშენდება მეჩეთი, რადგან ამ მეჩეთს ვითხოვთ ქართველი მუსლიმები”, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
მწერლები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ ადგილს ვერ ხედავენ იმ დეპუტატების გვერდით, “ვინც მხარს დაუჭერს ერის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.”
“ნეტგაზეთი” შეეცადა არჩილ ხაბაძესთან დაკავშირებას, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავჯდომარე კი აცხადებს, რომ ისინი ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, რათა შეძლონ მათთვის კონსტიტუციის გარანტირებული უფლების რეალიზება და ააშენონ ქართველი მუსლიმებისთვის ახალი სამლოცველო.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში.
