საია: პოლიციის განყოფილებაში ირაკლი ხოფერიას ცემის საქმეზე მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დღეს, 10 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლიციელების მხრდან ირაკლი ხოფერიას ცემის საქმეში მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა.

საიას განცხადებით, თავდაპირველად ეს მოწმე გამოძიებას ხოფერიას ჩვენებას უდასტურებდა, შემდეგ კი კარდინალურად შეცვალა ჩვენება.

“როგორ ირაკლი ხოფერია თავის ჩვენებაში აცხადებს, როგორც გადაიყვანეს ის განყოფილებაში დაკავების შემდეგ, მასზე ჩატარდა უცნაური ამოცნობა, კერძოდ, თვალებზე ააფარეს ხელი და შემოიყვანეს ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ის უნდა ამოეცნო. სწორედ ამას იმეორებდა ეს პიროვნება თავის ჩვენებაში, რომ როდესაც დაუძახეს განყოფილებაში, მივიდა და თვალზე ხელაფარებული ირაკლი ხოფერია დაინახა და სწორედ მისი ამოცნობა სთხოვეს. თუმცა, უკვე შეცვალა ჩვენება და ამბობს, რომ არანაირი ამოცნობა არ მომხდარა,”- ამბობს საიას იურისტი რევაზ აჭარაძე, რომელიც ხოფერიას ინტერესებს იცავს.

საია აცხადებს, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება მოწმის მხრიდან ჩვენების შეცვლის ფაქტზე, რათა გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია ჩვენების  შეცვლა, ხომ არ ყოფილა მოწმეზე რაიმე ზეწოლა, რათა ჩვენების შეცვლაზე დაეყოლიებინათ.

საია ასევე აცხადებს, რომ ირაკლი ხოფერიას ცემის საქმის გამოძიება ჭიანურდება, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, ამ დრომდე არავინ მიუცია გამოძიებას პასუხისგებაში.

20 წლის ირაკლი ხოფერია ამბობს, რომ 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა იმ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით სცემეს, რაც მას არ ჩაუდენია. ხოფერიას თქმით, მას ნარკოტიკის ჩადებითაც დაემუქრნენ. ოჯახს ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნები, სადაც საუბარია, რომ ახალგაზრდა ნაცემია და დაზიანებები აღენიშნება. დანაშაული, რომლის აღიარებასაც, ხოფერიას თქმით, აიძულებდნენ, იყო მობილური ტელეფონის წართმევა. როგორც ხოფერია ამბობს, მას ოთხი პოლიციელი სცემდა, ვიდრე არ გაირკვა, რომ შეცდომით დააკავეს.

პროკურატურამ გამოძიება მომხდარიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ, 15 მარტს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ 2017 წლის 16 თებერვალს ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქეპუნქტით).

2017 წლის 2 მაისს ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი