ჟურნალისტები, რომლებიც დილიდანვე ცდილობდნენ საიასა და ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს მინისტრის კომენტარის მოპოვებას, რესტორან “აჭარული სახლის” გარეთ იმყოფებოდნენ.
“ბათუმელების” რეპორტიორის თქმით, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა „აჭარულ სახლთან“, 4- საათიანი ლოდინის შემდეგ რესტორნიდან ერთ-ერთი პირი გამოვიდა, რომელიც ჟურნალისტებს, როგორც შს მინისტრის დაცვის წევრი, გაეცნო და უთხრა, რომ მინისტრი 10 წუთში გამოვიდოდა.
“დაგვაყენეს ჟურნალისტები ზღვის ფონზე, აქ მოვა მინისტრი და ზღვის ფონზე ჩაწერეთო. ოღონდ მოკლე კითხვები და პასუხები იქნებაო. გარდა ამისა, განცხადებასაც გააკეთებსო. მერე ისევ შებრუნდა უკან, რესტორანში,”- ამბობს “ბათუმელების” რეპორტიორი.
საბოლოოდ შს მინისტრმა რესტორნის ტერიტორია მედიასთან შეხვედრის გარეშე დატოვა.
მე-9 არხის ჟურნალისტის, ნათია როყვას თქმით, სანამ ისინი კამერების მზადების პროცესში იყვნენ, ამ დროს მინისტრი ღარიბაშვილი გავიდა მეორე კარიდან, სასწარაფოდ ჩაჯდა ავტომანქანაში და ტერიტორიას გაეცალა.
ჟურნალისტებმა პასუხი იქ მყოფ ნინო გიორგობიანს, შსს პრესსამსახურის უფროსს მოსთხოვეს, თუმცა, გიორგობიანის განმარტებით, მისთვის უცნობია, ვინ იყო ის პირი, ვინც ჟურნალისტებს შს მინისტრის ჩაწერას დაპირდა.
„თქვენთვის არ მითქვამს, რომ ჩაგეწერებოდათ მინისტრი“.
მინისტრის ლოდინის პროცესში რესტორანში შესვლა და „აჭარული სახლის“ მომსახურებით სარგებლობა ჟურნალისტთა კორპუსმაც სცადა, მაგრამ ისინი რესტორნის ადმინისტრაციამ შენობაში იმ მიზეზით არ შეუშვა, რომ რესტორანი დაჯავშნილია.
არჩილ ხაბაძე, ვალერი თელია და ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, დაახლოებით სამი საათის შემდეგ რესტორანში იმყოფებოდნენ. თვითმხილველი ჟურნალისტების თქმით, ხილი და ღვინო „გარედან შეიტანეს“.
ჟურნალისტები დღეს დილიდან ცდილობენ საიასა და ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს მინისტრის კომენტარის მოპოვებას, მაგრამ ვერ მოახერხეს.