ახალი ამბები

მანანა მანჯგალაძე: რაბათის ციხის შეცვლა პრეზიდენტისთვის მიუღებელია

2 აპრილი, 2013 •
მანანა მანჯგალაძე: რაბათის ციხის შეცვლა პრეზიდენტისთვის მიუღებელია

“ვფიქრობთ, ეს რეალურად ნიშნავს დღევანდელი რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ცენტრია ამ ტერიტორიაზე და წარმოადგენს მესხეთის სიამაყეს. ეს ნიშნავს იმას, რომ წყალში ჩაიყრება იმ ათასობით სპეციალისტის შრომა, რომლებმაც წინა წლებში აღადგინეს და საქართველოს დაუბრუნეს ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ძეგლი. ნამდვილად არ მიგვაჩნია, რომ ეს იყოს თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა. ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გაირკვევა, სადაც დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა როგორც თურქ კოლეგასთან, ისე თურქეთის პრემიერ- მინისტრთან”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, მიუღებელია ძეგლიდან ქრისტიანული სიმბოლოების გატანა და გუმბათის მოშლა.


პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ისინი მომხრე არიან საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ძეგლების დაცვის, თუმცა ის შეთავაზება, რაც დღევანდელ მთავრობას გააჩნია, “სახიფათო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასოდეს არ დათანხმდება”


პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ მომზადებული დოკუმენტი მათ დღეს მიიღეს გრიფით “ფრიად სასწრაფო”, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს მთავრობა საიდუმლო და დახურულ მიმოწერას საჩქარო წესით. პრეზიდენტი მთავრობას ამ საკითხზე საჯარო განმარტების გაკეთებას სთხოვს.


ამ დოკუმენტში ლაპარაკია ნგრევასა და განადგურებაზე. აქ საუბარია ქრისტიანული სიმბოლოების გატანაზე, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა,  მუსულიმურ სიმბოლოებს. ეს არ არის თურქეთ-საქართველოს პრობლემა. ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და ვისმენთ – მიწასთან გაასწორონ და დაანგრიონ ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში აშენდა და გაკეთდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.  


მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე პარაგრაფი გააცნო, რომელშიც წერია:


“საქართველოს მხარე, თურქეთის რესპუბლიკის ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:


1. მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია


2. მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში,  მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება;


3. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუასაუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას”

მასალების გადაბეჭდვის წესი