კომიტეტის სხდომას საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, პროფკავშირებს წარმოდგენილი ვარიანტის რამდენიმე მუხლზე აქვს შენიშვნები:
“ეს კანონი ხომ არ იქმნება ევროპელებისთვის, ან ამერიკელებისთვის?! პირველ რიგში, უნდა იყოს, რომ ღირსეულად იყოს დასაქმებული ხალხი ამ ქვეყანაში. არის შესწორებები, რომლებიც ამ ღირსებას მათ მატებს და მონურ უღელს აგდებინებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ აღარ იყოს საწარმოო კონფლიქტები, აღარ იყოს გაუგებრობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და მაქსიმალურად ჰქონდეს კანონმდებელს ჩადებული იმის პრევენცია, რომ ასეთი რაღაცები არ ხდებოდეს.”
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ როცა 13- პუნქტიანი ჩამონათვალია იმისა, თუ რა შემთხვევაში შეგიძლია გაათავისუფლო თანამშრომელი, იქ მეთოთხმეტე პუნქტად “სხვა ობიექტური გარემოებები” არ უნდა დაამატო:
“როცა 13- პუნქტიანი ჩამონათვალია იმის, თუ რა შემთხვევაში შეგიძლია გაუშვა ადამიანი სამსახურიდან, როგორ შეიძლება იქ მეთოთხმეტე ჩაწერო – “სხვა ობიექტური გარემოებების გამო”? არ გვესმის მართლა ეს ნორმა. როგორ შეიძლება, რომ ათასკაციანი კოლექტივი აღწევდეს კოლექტიური მოლაპარაკებებით და იღებდეს კოლექტიურ ხელშეკრულებას და მესამე დღეს დამსაქმებელმა შეცვალოს შიდა განაწესი და ამ განაწესით იგნორირება გაუკეთოს ამ კოლექტივის მოთხოვნას იმიტომ, რომ იქ ლიდერებს ან გაანთვისუფლებს, ან ისე დისკრიმინაციულად მოექცევა, როგორც ეს ადრე ხდებოდა. არ ვიცი, შეიძლება მანიაკალური შიშები გამოგვიმუშავდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გავლილი და ძალიან ბევრი ცუდი გვაქვს ნანახი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაზე, რეალობაზე და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზეა დამოკიდებული.”
პეტრიაშვილის თქმით, წარმოდგენილ ვარიანტში მათი ერთ–ერთი პოზიტივი ზეპირ ხელშეკრულებებს შეეხება. კერძოდ, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის გამოსაცდელი ვადით აყვანის წესშიც. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით კანდიდატთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია, ხოლო მისი წესი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. დამსაქმებელს უფლება აქვს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება, ან შეწყვიტოს გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება.
პეტრიაშვილის განცხადებით, აუცილებელია ღამით მომუშავე პირებისთვის შეღავათები დაწესდეს. მისივე განმარტებით, უნდა არსებობდეს შრომის ინსპექციაც.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა შავგულიძის მტკიცებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გონივრულ ბალანსს დამსაქმებელის და დასაქმებულის ინტერესებს შორის:
“თუკი ბატონ პეტრიაშვილს ჰქონდა რაღაც განსხვავებული მოსაზრებები, გარკვეული მათი მოსაზრებები ავტორის მიერაც იქნა გაზიარებული, გარკვეული არ იქნა გაზიარებული, მაგრამ იმის თქმა, რომ კანონპროექტის ავტორებს ჰქონდათ განზრახვა, რომ დაეტოვებინათ რაღაც შესაძლებლობები ბოროტად გამოყენებისა შრომითი ურთიერთობების რეგულირებაში, ეს გამორიცხულია. მთლიანობაში კანონპროექტი არის პროგრესული, კანონპროექტი აგვაცილებს ჩვენ იმ დიდ კრიტიკას რომელსაც ვიმსახურებდით არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციებიდან. მოგეხსენებათ, ამერიკის პროფკავშირებმა საჩივარი შეიტანეს და ამ პრობლემებს ჩვენ აგვაცილებს სწორედ ასეთი ბალანსირებული და სწორი ცვლილებების გატარება ჩვენს შრომის კოდექსში.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს:
“ეს შრომის კოდექსი გულისხმობს ახალ რეგულაციებს, რაც ნიშნავს, რომ დასაქმების მხრივ მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდება. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში არსებული ინვესტორები დღესვე დაიწყებენ ადამიანების გათავისუფლებას, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შედეგად, საქართველოში შემოვა გაცილებით ნაკლები ინვესტიცია და სამუშაო ადგილები, გაზრდის ნაცვლად, შემცირდება. რადგან საქართველოში, ერთი მხრივ, მუშახელი გაძვირდება და მეორე მხრივ, დამსაქმებლებს მოუწევთ სასამართლოში სირბილი ძალიან ხშირად. ისინი, ბუნებრივია, მოერიდებიან ამას და ინვესტიციებს განახორცილებენ ჩეხეთში, პოლონეთში ან სადმე სხვაგან და არა საქართველოში.”
