ახალი ამბები

კელი მუხთარლის საქმეზე: მოსახლეობა გამოძიების შესახებ ადეკვატურ დროში უნდა იყოს ინფორმირებული

7 ივლისი, 2017 • 1450
კელი მუხთარლის საქმეზე: მოსახლეობა გამოძიების შესახებ ადეკვატურ დროში უნდა იყოს ინფორმირებული

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან წაიყვანეს და მეორე დღეს იგი ბაქოში აღმოჩნდა. ჩვენ მთავრობას ძალიან ნათლად ვუთხარით, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და გამოძიების შედეგები ცნობილი უნდა გახდეს. რაც შეეხება გამოძიების ხანგრძლივობას, გამოძიებამ იმდენ ხანს უნდა გასტანოს, რამდენიც საჭიროა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს ინფორმირებული ადეკვატურ დროში. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მთავრობას აფგანის ცოლის და ოჯახის უსაფრთხოების შესახებ. ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ განსაკუთრებულ ზომებს მიიღებენ მათი უსაგრთხოებისთვის. მე არ მინახავს, რა თქვა მან პრესკონფერნციაზე, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმის გარდა, რომ ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ ამ საქმეს ახლოდან ვადევნებთ თვალს, განსაკუთრებით კი, მისი უსაფრთხოების საკითხს,”- განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის თბილისში აღარავს უნახავს. იგი ბაქოშია დაკავებული და აცხადებს, რომ თბილისიდან ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია.

საქართველოს შსს საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი