ახალი ამბები

ნანუაშვილი გუნავას საქმეზე პროკურორისა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებას ითხოვს

1 აპრილი, 2013 • 1048
ნანუაშვილი გუნავას საქმეზე პროკურორისა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებას ითხოვს

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს–ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმეზე გამომძიებლის დადგენილებაში არ არის მითითებული, რომელმა კონკრეტულმა საფუძველმა წარმოშვა თენგიზ გუნავას საცხოვრებელი ბინის გადაუდებლად ჩხრეკის აუცილებლობა. ჩხრეკის აუცილებლობის საფუძველი პროკურორმა თ. ხ.-მ post factum, ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობაში მიუთითა:


“პროკურორი არ იყო უფლებამოსილი, გამომძიებლის მაგივრად პირადი ჩხრეკის შემდეგ მიეთითებინა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველი, ვინაიდან ის არ იყო ამ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი. ხოლო ზემოაღნიშნული დადგენილებების მიმღებ პირებს უნდა შეესრულებინათ კანონმდებლის მოთხოვნა და მხოლოდ კონკრეტული საფუძვლის შემთხვევაში განეხორციელებინათ თენგიზ გუნავას პირადი ჩხრეკა და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა”, – ნათქვამია ანგარიშში.



ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული კანონმდებლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება პირის კერძო საკუთრების, მფლობელობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს, ხოლო თუ სამართალდამცავი პირი სწორად ვერ შეაფასებს შექმნილ გარემოებას და დაარღვევს კანონს, მაშინ კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტად სასამართლო რჩება:


“მოსამართლე დ.ჯ.-მ არც კი იმსჯელა ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და შემოიფარგლა განჩინებებში აბსტრაქტული ჩანაწერით, რომ კანონის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ თენგიზ გუნავას პირადი ჩხრეკისა და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და მათი კანონიერად ცნობისას არსებითად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები როგორც გამომძიებლებისა და პროკურორის, ისე მოსამართლის მიერ”, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის გამო მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ წინადადებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო გამომძიებლებისა და პროკურორის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ წინადადებით  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა.


თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიგი კალანდაძის და სხვა პირთა გახმაურებული საქმეები სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა. აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი