ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ავალდებულებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ქალისა და მამაკაცის მიერ განათლების მიღების უფლების თანაბარი დაცვა. ხოლო ამ ვალდებულების შესასრულებლად მოუწოდებს ქვეყნებს, ყველა ზომა გამოიყენონ იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ბავშვთა ადრეული ქორწინება.
ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, საშუალო განათლება ბავშვებისთვის სავალდებულოა. თუმცა ბავშვები, რომლებიც ქორწინდებიან, განსაკუთრებით გოგონები, ხშირად იძულებულნი არიან მიატოვონ სკოლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, „ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი დანაშაულად აღიარებს სრულწლოვნის სქესობრივ კავშირს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
“მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს, განსხვავებული მდგომარეობაა პრაქტიკული თვალსაზრისით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ქვემო ქართლის სხვადასხვა საჯარო სკოლაში, პედაგოგების განცხადებით, ბოლო პერიოდში 5-მა არასრულწლოვანმა გოგონამ ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით შეწყვიტა განათლების მიღება:
– სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი მ.ბ. დაოჯახდა, რის შემდეგაც შეწყვიტა განათლების მიღება სწავლის მეორე საფეხურზე, მე-8 კლასში (სავარაუდოდ 13 წლის). იგი არის 6 თვის ორსული და აღარ სურს სწავლის გაგრძელება. ამ გოგონას და – თ.ბ. ასევე დაოჯახდა მე-8 კლასში (სავარაუდოდ 13 წლის), რის შედეგადაც შეწყვიტა განათლების მიღება სწავლის მეორე საფეხურზე. პედაგოგების გადმოცემით, დაოჯახებამდე ორივე ბავშვი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდა. „ახლა საჭმელი მაინც ექნებათო“, აღნიშნეს მათ;
– სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანმა ზ.ბ.-მ განათლების მიღება შეწყვიტა სწავლის პირველ საფეხურზე, მე-6 კლასში, ასევე დაოჯახებასთან დაკავშირებით. მას აღარ სურს სწავლის გაგრძელება;
– სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი ლ.პ. დაოჯახდა, რის შედეგადაც შეწყვიტა განათლების მიღება სწავლის მეორე საფეხურზე, საბაზო საფეხურის მე-9 კლასში და არ გეგმავს სწავლის გაგრძელებას.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პედაგოგებმა განუმარტეს, რომ მათთვის არ იყო ცნობილი, წარმოადგენდა თუ არა გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინება კანონის დარღვევას, შესაბამისად, პოლიციაში შეტყობინებები არ გაკეთებულა მათი მხრიდან.
“ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ქორწინების დროს გოგონების მშობლები თანახმანი არიან მათი შვილების დაქორწინებაზე. შესაბამისად, მასწავლებლები ძირითად პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებდნენ, რომლებიც იწონებენ აღნიშნულ ქმედებას და თვლიან, რომ საუკეთესო გამოსავალია გოგონებისთვის. ხაზგასასმელია ისიც, რომ არც ერთ
ზემოხსენებულ შემთხვევაში გოგონათა მდგომარეობით არ დაინტერესებულა არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, არც სოციალური მომსახურების სააგენტო”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2011–2012 წლებში საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის (7–9 კლასები) დასრულებამდე განათლების მიღება შეწყვიტა 7367-მა გოგონამ.
“მოცემული საკითხის გაანალიზება ცხადყოფს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, რადგან საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანი და თემატურია სხვადასხვა სამინისტროსათვის.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს არსებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული, რელიგიური თუ სოციალური შეხედულებებისა და ტრადიციების შეცვლის აუცილებლობის მიმართულებით, რათა თანაბრად იყოს გათვალისწინებული ყველა გოგონას ჭეშმარიტი ინტერესი და ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება აღქმული იქნეს როგორც ძალადობა ქალთა მიმართ”, – აცხადებს სახალხო დამცველი და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართვს განათლების, ჯანდაცვის, შს სამინისტროებს.
