ახალი ამბები

ოფიციალურად – ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია

6 ივლისი, 2017 • 10212
ოფიციალურად – ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია

სამშაბათს, 21:00 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ოფიციალურად წარდგება თბილისის მერობის კანდიდატად. ამის შესახებ ელისაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა.

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობისთვის დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოლებს: “სამშაბათს მექნება წარდგენა გუდიაშვილის მოედანზე და დავსახელდები, როგორც თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ვნახავთ, ვინ დამიჭერს მხარს და ვინ არა. ყოველ შემთხვევაში, მე დამოუკიდებელ კანდიდატად წარვდგები.”

როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, უკვე დაგეგმილი აქვს, თუ როგორ წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას, ხოლო ამის შესახებ უფრო ვრცლად 11 ივლისს გუდიაშვილის მოედანზე ისაუბრებს. მისი თქმით, სწორედ გუდიაშვილის მოედანზე წარდგენით დაიწყებს საარჩევნო კამპანიას.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მხოლოდ ალეკო ელისაშვილია. “ევროპულმა საქართველომ” კანდიდატად ელენე ხოშტარია წარადგინა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” -ზაალ უდუმაშვილი, ხოლო “ქართულმა ოცნებამ”- კახა კალაძე. არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი