ახალი ამბები

მიმართვა “შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებებით” 4 აპრილს საპატრიარქოს გადაეცემა

31 მარტი, 2013 • • 1566
მიმართვა “შეწყდეს ცხოველების შეწირვა  რელიგიური მოსაზრებებით”  4 აპრილს საპატრიარქოს გადაეცემა

“სისტემა “CHANGE.ORG”-ის მეშვეობით რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა მოაწერა ხელი მიმართვაზე, აგრეთვე, ხელის მოწერები გაკეთდება ადგილზევე”– ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც “ფეისბუქის” მეშვეობით გავრცელდა. 

 

ილია მეორისადმი მიმართვა დაახლოებით 2 თვის წინ გამოქვეყნდა და მის ტექსტს “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

 

ჩვენ, ხელის მომწერნი, დიდი იმედით მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს დიდ სულიერ მამას, რომლის აზრიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია. 

გვინდა შევეხოთ ბევრისთვის მტკივნეულ თემას “მსხვერპლთშეწირვას” .. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მიიღებდა რაღაც ზომებს და შეწყდებოდა ეს სისასტიკე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდის….მოგეხსენებათ, მსხვერპლთშეწირვა არის წარმართული და არამართლმადიდებლური წესი. სამწუხაროდ, ამ საკითხზე ჩვენი ეკლესიის მრევლს არ აქვს ინფორმაცია. მიაჩნიათ, რომ უმანკო ცხოველების შეწირვა მისაღები და ნორმალურია, თუმცა მრევლს ვერ გაამტყუნებ, რადგან მღვდელთმსახურებიც გულგრილად უყურებენ ამ ხოცვა-ჟლეტას და არც ცდილობენ, რომ ინფორმაცია მიაწოდონ მათ. ამაზრზენია მსხვერპლთშეწირვის სანახაობა იმ ადგილებში, სადაც ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები უფალთან შესახვედრად მიდიან. ბევრი მორწმუნე ადამიანი თავს არიდებს დღესასწაულებზე ეკლესიაში მისვლას, რათა თავი აარიდოს სისხლიან და შემზარავ სანახაობას. ხალხში ეს ინფორმაციის უქონლობა ფაქტიურად დანაშაულია ჩვენი ეკლესიის მხრიდან.. 
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უდიდესი მოწიწებით გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების აღკვეთაში და ეკლესიებში ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აღკვეთაში ერთხელ და სამუდამოდ. ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება, მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ჩვენი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს ადამიანების სულიერ განვითარებას. 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი მღვდელთმსახური მრევლს ცხოველთა წინააღმდეგ განაწყობს და უკრძალავს მათ ცხოველების სახლში ყოფნას იმ მიზეზით, თითქოს ისინი უწმინდური არსებები იყვნენ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ღვთიურს და შეურაცხყოფას აყენებს თვით ჩვენს ზეციერ შემოქმედს. 

გთხოვთ მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას ტელევიზიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გამოასწოროთ ეს სიტუაცია თქვენი ერთი განცხადებით. 

დიდი იმედი გვაქვს, რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ წინასწარ ამ საქმეში თქვენი კეთილშობილური წვლილის შეტანისთვის.

 

4 აპრილს უსახლკარო ცხოველთა დღე აღინიშნება. 

 

” 4 აპრილს განსაკუთრებული ყურადღება მსოფლიოს მასშტაბით 600.000.000 უპატრონო ცხოველს ეთმობა. ცხოველები ღირსეულად უნდა ცხოვრობდნენ, ამის ნაცვლად უპატრონო ძაღლები და კატები ცხოვრობენ ქუჩაში, სადაც მათი ცხოვრება სავსეა ტკივილით, შიმშილით, დაავადებებით, აუტანელი სიცხით ან სიცივით. ისინი ხშირად ხდებიან დევნისა და მტრულად განწყობილი მოქალაქეებისა თუ სახელმწიფო სამსახურების მსხვერპლნი. ადამიანებს, ვისაც გვადარდებს ცხოველების ბედი – შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა. 4 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ უსახლკარო ცხოველებს. 4 აპრილი თანაგრძნობის, ზრუნვის, ცხოველების მოსიყვარულე პატრონის ხელში გადაცემის დღეა.  ერთად შევუერთდეთ მსოფლიოს ” –ნათქვამია “ფეისბუქით” გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი