პრემიერი: დავით ნარმანია ჩუმად აკეთებდა ბევრ საქმეს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერის თანამდებობაზე კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს. პრემიერი მიიჩნევს, რომ კალაძე აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს დედაქალაქისთვის. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას:

“დღეს კახისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა მას გადავუხადო დიდი მადლობა. კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი – ეს არის, ჯამში, მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ, ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც დედაქალაქის მერობა ჰქვია, კახი წარმატებით გაართმევს თავს.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის თბილისის მერს, დავით ნარმანიას. დავით ნარმანიას არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. იგი ჩუმად აკეთებდა ბევრ საქმეს და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს. მინდა, რომ მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო”,- განაცხადა პრემიერმა.

კალაძესთან ერთად თბილისის მერობისათვის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ზალიკო უდუმაშვილი, “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია იბრძოლებენ. თბილისის მერობისთვის კიდევ ერთი დამოუკიდებეი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი იბრძოლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com