ახალი ამბები

საზმაუზე ახალ საარჩევნო გადაცემას GDS-ის ყოფილი პროდიუსერი ჩაიბარებს

5 ივლისი, 2017 • 3787
საზმაუზე ახალ საარჩევნო გადაცემას GDS-ის ყოფილი პროდიუსერი ჩაიბარებს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ახალი გადაცემა გავა ეთერში, ხოლო მისი პროდიუსერი 20/30-ის ყოფილი პროდიუსერი ეკა გამცემლიძე იქნება. ინფორმაცია GPB–ის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაგვიდასტურა.

მაღლაფერიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რას დაარქმევენ ამ გადაცემას, თუმცა გადაწყვეტილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნამდვილად გავა, ხოლო მისი პროდიუსერი ეკა გამცემლიძე იქნება.

გადაცემა 20/30 საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რომლის პროდიუსერიც, ეკა გამცემლიძის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძეც იყო. 20/30–ის თითქმის ყველა ყოფილი თანამშრომელი ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელშია დასაქმებული.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილი GDS-ელების დამატებას კრიტიკული განცხადებებით პასუხობენ მედიაექსპერტები. კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებით დასტურდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავრცელებული ცნობები GPB-ში GDS-ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი