ახალი ამბები

ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ზრუნვა დევნილებზე – მემორანდუმი კლინიკასთან

5 ივლისი, 2017 • 1787
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ზრუნვა დევნილებზე –  მემორანდუმი კლინიკასთან

საარჩევნო საკითხების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დევნილთა სამინისტროს მიერ დადებული მემორანდუმი კლინიკასთან, რომლის მიხედვითაც დევნილებს უფასოდ მოემსახურებიან, კითხვის ნიშნებს აჩენს იმის თაობაზე, ხომ არ არის ეს ამომრჩევლის მოსყიდვა, სამინისტროში აცხადებენ, რომ მემორანდუმი წინა წლებშიც იდებოდა კომპანიასთან და არჩევნები არაფერ შუაშია.

დღეს, 5 ივლისს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ New Dent სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც თბილისში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

მემორანდუმის თანახმად, დევნილებს ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით (აგვისტოს გამოკლებით, რადგან კლინიკა ისვენებს) შესაძლებლობა ექნებათ, სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი ამ პერიოდში ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.

“ეს აქტივობა გარკვეულ კითხვებს აღძრავს, ხომ არ უკავშირდება სამინისტროს საქმიანობა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით ამომრჩევლების კმაყოფილების გაზრდას. ინტერესს იწვევს უს, რომ ეს არის ხუთთვიანი პროექტი, რომელიც საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა. ჩვენ საარჩევნო კუთხით შევხედავთ, ხომ არ უკავშირდება ეს აქტივობა საარჩევნო მიზნებს, საარჩევნო პერიოდს ისედაც ემთხვევა”, – გვითხრა ლელა ტალიურმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროგრამების კოორდინატორმა.

ლელა ტალიური ამბობს, რომ დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს სამინისტროსგან და დაინტერესდება, რა თანხა ჯდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მომსახურებისთვის, რა პერიოდზეა გათვლილი, ადამიანების რომელ კატეგორიას მოემსახურება, თუ ყოფილა აქამდე დადებული მსგავსი მემორანდუმები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტროდან განგვიმარტეს, რომ მემორანდუმის მიხედვით, თბილისში მცხოვრებ ყველა დევნილს შეეძლება მომსახურებით სარგებლობა.

სამინისტროში კი უარყოფენ, რომ მემორანდუმის დადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, რადგან ამ კლინიკასთან მემორანდუმი 2007 წლიდან იდება და მხოლოდ 2015 და 2016 წლებში არ გაფორმებულა, რადგან კლინიკა რებრენდინგს ახორციელებდა.

“ეს არის კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენთან,” – განგვიცხადეს სამინისტროდან.

სამინისტროდან ასევე გვითხრეს, რომ ამ მემორანდუმში არ იხარჯება ბიუჯეტის ფული, თანხებს კლინიკა გაიღებს. წინა დადებული მემორანდუმის ფარგლებში დაახლოებით 100-მა დევნილმა ისარგებლა კლინიკის მომსახურებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი