ახალი ამბები

რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა

29 მარტი, 2013 • 1569
რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა

2012 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 57 031 შეადგინა, მათ შორის ბიჭი – 29 801, ხოლო გოგო – 27 230. ამასთან შემცირებულია პირველი შვილის დაბადების მაჩვენებელი, ხოლო მეორე და მესამე შვილის შემთხვევაში, პირიქით – ზრდა ფიქსირდება.

 

2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, თითქმის უცვლელი დარჩა დედის საშუალო ასაკი, რომელმაც შეადგინა 24.2 წელი პირველი ბავშვის დაბადებისას და 26.1 წელი საერთო დაბადებისას.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 1 პროცენტით შემცირდა და 49 348 ადამიანი შეადგინა. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი მამაკაცისთვის – 72.8, ხოლო ქალისთვის  -77.7 წელია.

 

2012 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.5 პროცენტით შემცირდა და 30 412 ერთეული შეადგინა: ქალისთვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა 26.5, ხოლო მამაკაცისთვის 29.8 წელი შეადგინა.

 

22%-ით გაიზარდა რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი და 7 136 ერთეულს მიაღწია: 2012 წელს ქალისთვის განქორწინების საშუალო ასაკმა 36.8, ხოლო მამაკაცისთვის 40 წელი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი