ახალი ამბები

ჩაბუქის ოჯახი ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნას თურქეთიდან მიღებულ მუქარის წერილებს დაურთავს

4 ივლისი, 2017 • 2497
ჩაბუქის ოჯახი ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნას თურქეთიდან მიღებულ მუქარის წერილებს დაურთავს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, ტუბა ჩაბუქი ადვოკატთან ერთად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შეხვედრას მართავს. როგორც ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ კვიჟინაძე ამბობს, დღეს სამინისტროში დაახლოებით ერთი თვის წინ შეტანილ მოთხოვნას ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ იმ მუქარის შემცველ წერილებს დაურთავენ, რომლებსაც ოჯახი თურქეთიდან იღებს. მოხდება ტუბა ჩაბუქთან გასაუბრებაც:

“დღეს უნდა გაიმართოს გასაუბრება მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლსთან, ტუბა ჩაბუქთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც აფუძნებს თავის მოთხოვნას ეს ოჯახი, რომ მიიღოს ლტოლვილის სტატუსი, რაც ავტომატურად გულისხმობს თავშესაფრის, საერთაშოსირო დაცვის ერთ-ერთი მექანიზმის გამოყენებას.

ჩვენ წარვადგენთ თურქეთიდან მუქარის იმ მტკიცებულებებს, რომლებიც უშუალოდ ამ ოჯახის მიმართ ხორციელდება,” – ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლის, ტუბა ჩაბუქის თქმით, პასუხი სამინისტროსგან პარასკევს უნდა მიიღონ. ოჯახს იმედი აქვს, რომ ლტოლვილთა სამინისტრო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს:

“300 გვერდამდე შედგენილი მტკიცებულებები წარვუდგინეთ. პარასკევს იქნება გადაწყვეტილება და დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით, პარასკევს რომ ეს საქმე დასრულდეს,” – ამბობს ტუბა ჩაბუქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი