„შს სამინისტრო თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩვენი ოფისის მძღოლი დღეს მომხდარი ინციდენტის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ჩვენ კი გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ბატონი როინ ფარტენაძე იმყოფებოდა მსუბუქი თრობის ქვეშ. დასკვნაში შემდეგი მონაცემებია დაფიქსირებული: სუნთქვა – ნორმა, სინათლეზე რეაქცია – ცოცხალი, მოძრაობა – ნორმა, ზუსტი მოძრაობები – ასრულებს ზუსტად, ალკოჰოლური თრობა – მსუბუქი. თრობის ეს ფორმა შეიძლება გამოიწვიოს საღეჭმა რეზინამაც კი…

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ოფისის მძღოლმა არასამუშაო დროს, გუშინ ღამით, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა თავისი ოჯახის წევრის იუბილე, ამიტომ ლოგიკურია, რომ მან მიირთვა ალკოჰოლი“, – განაცხადა რაჟდენ ხიმშიაშვილმა, რომელიც ინციდენტის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდა.

საია-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების განადგურებაზეც:

„არსებობს კადრები, სადაც ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ პოლიციელები მივიდნენ და მის ობიექტზე არსებული ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრები წაშალეს. ამ კადრებით ნათლად გამოჩნდებოდა, რა ხდებოდა იქ. ეს კადრები მისაღები რომ ყოფილიყო პოლიციისთვის, არ წაიშლებოდა…

ჩვენ ვთვლით, რომ ვალერი თელია თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ხოლო პოლიციელის მიმართ, რომელიც მივიდა და ეს კადრები წააშლევინა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“.

შპს „ბათუმის ჰოუმის“ თანამშრომელმა, საბირ ნურუევმა კადრების წაშლის ფაქტი ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ქარცივაძე აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერი თელიას ნარკოტესტზე შემოწმებას ითხოვს:

„ვის აქვს შემოხეული ტანზე? ვინ ვის ესროლა სიგარეტი? რატომ წაიშალა ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რა ხდებოდა ინციდენტის ადგილზე? მთვრალს და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფს ვინ ჰგავდა? როინს რომც დაერღვია მოძრაობის წესები, რაც არ ყოფილა, შემთხვევაც რომ მომხდარიყო, სამმართველოს უფროსი არ უნდა ჩამოდიოდეს მანქანიდან, მაისურს არ უნდა ახევდეს და სიგარეტს არ უნდა აწვავდეს მოქალაქეს, ამ საქმეში ეს არის არსებითი“. 

ვალერი თელიას ნარკოტესტზე შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს რაჟდენ ხიმშიაშვილიც:

„ჩვენი მოთხოვნა იყო, ვალერი თელიას ჩატარებოდა ტესტი ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე. ალკოჰოლზე იქვე ჩაატარეს ტესტი და დაუფიქსირდა ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, რის საფუძველსაც ამ ადამიანის არაადეკვატური ქცევა მაძლევს, რომ ეს ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მე დავაყენე შუამდგომლობა ჩაეტარებინათ ნარკოლოგიური შემოწმება. გამოგვიცხადეს, რომ ამას გენინსპექცია აუცილებლად გააკეთებს, მაგრამ ჩემთვის უცნობია, ეს ღონისძიება ჩაატარეს თუ არა“.

რაჟდენი ხიმშიაშვილის თქმით, ინციდენტის ადგილზე მისული პოლიციელები, ისე როგორც შემდეგ პოლიციაში, მხოლოდ ხელმძღვანელის მითითების მიხედვით მოქმედებდნენ:

„რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოების საქმიანობას, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე რაც გააკეთეს, ეს არ არის საკმარისი, რადგან ისინი არ იბარებდნენ ნივთმტკიცებასაც კი, შემოხეულ მაისურზე მაქვს საუბარი.” 

“თელიამ ჩემ მიმართ და ჩემი სამსახურის მიმართ გამოიჩინა აშკარად უპატივცემლობა. ჩვენ არ დაგვირღვევია მოძრაობის წესები. ამიტომ სამწუხაროა, რომ ვალერი თელია ვერ აცნობიერებს იმას, რომ თანამდებობაზე ყოფნა პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. მისი მხრიდან გამოხატულ ქცევაში ეს პასუხისმგებლობა ვერ დავინახე, ის ქუჩური მენტალობით, ქუჩური გარჩევით ცდილობდა ჩვენზე გასწორებას, როდესაც არ გამოუვიდა, რომ ჩვენი ოფისის მძღოლი ძალის გამოყენებით ვერ ჩასვა ავტომანქანაში და ვერ წაიყვანა, როგორც თავად განმარტავდა, ჭკუის სასწავლებლად”.

ამ წუთებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტები ბრიფინგს მართავენ იმ ადგილას, სადაც დღეს ორგანიზაციის თანამშომლებსა და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა.

საიას იურისტები აცხადებენ, რომ შპს „ბათუმის ჰოუმის“ ვიდეოთვალმა დააფიქსირა იმ ადამიანების ვინაობაც, რომელთაც ვიდეოთვალიდან კადრების წაშლა მოითხოვეს.

საია მოითხოვს ადგილზე მივიდეს გენინსპექცია და ნახოს, ვინ იყვნენ ის პირები, რომელთა მითითებითაც წაიშალა ვიდეოკადრები.

რაჟდენ ხიმშიაშვილი და გიორგი ქარცივაძე
რაჟდენ ხიმშიაშვილი და გიორგი ქარცივაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *