ახალი ამბები

რკინიგზელის თქმით, მას და მის თანამშრომლებს დამწვრობა აქვთ მიღებული

3 ივლისი, 2017 • 3988
რკინიგზელის თქმით, მას და მის თანამშრომლებს დამწვრობა აქვთ მიღებული

საქართველოს რკინიგზაში დასაქმებული ამბობს, რომ მას და მასთან ერთად კიდევ 4 დასაქმებულს სხეულზე, სავარაუდოდ, მზისგან დამწვრობა აქვთ მიღებული. რკინიგზის განმარტებით კი, ამის მიზეზი სიცხე და დაუდგენელი მცენარის ყვავილობაა.

ვლდიმერ მალიჩევმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უკვე მესამე წელიწადია, რაც ზაფხულში, ერთსა და იმავე პერიოდში, მზისგან დამწვრობის ნიშნები აქვს: ძვრება კანი, უსივდება სახე, აწუხებს ქავილი.

მალიჩევის თქმით, 25 ივნისს, ღამით, იყო მორიგე, როდესაც  თავის ტკივილი და სახის წვა დაეწყო, რასაც სახეზე წყლის შესხმით უმკლავდებოდა. მალიჩევი ამბობს, რომ მის შემცვლელს, რომელიც დილის ცვლაში მივიდა, მსგავსი სიმპტომები ჰქონდა.

რკინიგზაში დასაქმებული

რკინიგზაში დასაქმებული

მალიჩევის თქმით, მეორე დღეს საავადმყოფოში მივიდა, ექიმმა დამწვრობის სამკურნალო საშუალებები დაუნიშნა: სახის კრემი, ანტიბიოტიკი, ვიტამინი და ალერგიის წამალი. იგი ამბობს, რომ ადმინისტრაცია ცდილობს დაადგინოს, თუ რის გამო ხდება ასე, თუმცა ვერ დაადგინეს.

“სახე ამიტყავდა, ახალი კანი მაქვს სახეზე. დამწვრობა რომ გექნება, ასე მაქვს კანი. დამეხუჭა თვალები, მრგვალი მქონდა სახე გლობუსივით”, – ამბობს მალიჩევი.

მისი თქმით, მკურნალობამ შედეგი გამოიღო, სახე მოუშუშდა, ქავილი აღარს აქვს. მან არ იცის, თუ რას უნდა დაუკავშიროს დამწვრობა, რომელიც სამი წელია ზაფხულში აწუხებს. მისი თქმით, სხვა დასაქმებულებს დაახლოებით 10 წელია მსგავსი სიმპტომები აწუხებთ.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის დირექტორის მოადგილის, ილია ლეჟავას განცხადებით, ამჟამად  რკინიგზაში დასაქმებული 5 ადამიანია ბიულეტენზე გასული დამწვრობის გამო. ხუთივე დასაქმებული სადგურ სამტრედია II-ის თანამშრომლები არიან.

პროფკავშირები ამ სიმპტომების გააქტიურებას ზაფხულის სიცხეს და ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ. ლეჟავა ამბობს, რომ პროფკავშირის კომისიამ შეისწავლა მათი მდგომარეობა და დაადგინა, რომ ეს 5 დასაქმებული უჩივის გამონაყარს, დამწვრობას ხელებზე, ყელისა და ზურგის არეში, ასევე უჩივიან თავის ტკივილს, ქავილსა და კანის სიმხურვალეს.

პროფკავშირი მოითხოვს რკინიგზის ადმინისტრაციისგან, შეისწავლონ, თუ რის გამო ემართებათ დასაქმებულებს დამწვრობა. ილია ლეჟავას თქმით, შარშანაც 10-15 ადამიანს ჰქონდა დამწვრობა.

რკინიგზაში დასაქმებული ფოტო: რკინიგზის ახალი პროფკავშირი

რკინიგზაში დასაქმებული ფოტო: რკინიგზის ახალი პროფკავშირი

რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსმა, ზურაბ ტაბატაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ 2006 წლიდან შეიტყვეს ამ პრობლემის შესახებ. მისი თქმით, 2006 წლიდან გამოიკვლიეს ეს საკითხი, ჩართეს ჯანდაცვის სამინისტრო, საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრი და დაადგინეს, რომ ეს დაავადება განეკუთვნება ალერგიულ დაავადებებს და მიმდინარეობს წლის ცხელ პერიოდში, რომელიც ადგილობრივად დაუდგენელი მცენარის ყვავილობას დაუკავშირეს.

მისი თქმით, 2006 წლიდან მოყოლებული, ერთსა და იმავე პერიოდში დაავადება ემართებათ არა მარტო რკინიგზელებს, არამედ სამტრედიის მცხოვრებლებსაც. თუმცა, რომელი მცენარის ყვავილობას ემთხვევა ალერგიის შემოტევა, არ იციან.

“ეს არ არის რკინიგზისგან გამოწვეული დაავადება, ეს არის ალერგიული დაავადება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ალეგრიული ფონი, ემართება ეს დაავადება, ჩვენ დაზღვევა გვაქვს, სამტრედიაში ორი უდიდესი ობიექტი გვაქვს პროვაიდერად, ამ მკურნალობას ღებულობენ და 4-5 დღეში არაფერი აღარც არის”, -განაცხადა  ზურაბ ტაბატაძემ.

ტაბატაძის თქმით, წელიწადში რკინიგზაში დასაქმებულ დაახლოებით 15 ადამიანს ემართება ალერგია.

რკინიგზაში დასაქმებული ფოტო: რკინიგზის ახალი პროფკავშირი

რკინიგზაში დასაქმებული ფოტო: რკინიგზის ახალი პროფკავშირი

მასალების გადაბეჭდვის წესი