ახალი ამბები

ისლამოფობია და პრორუსული განწყობები სკოლაში

3 ივლისი, 2017 • 8018
ისლამოფობია და პრორუსული განწყობები სკოლაში

თურქები, ირანელები, არაბები – ველური სისასტიკით გამორჩეული პირსისხლიანი დამპყრობლები და ერთმორწმუნე რუსეთი, რომელმაც, მართალია, საქართველო დაიპყრო, მაგრამ ყიზილბაშთა და ოსმალთა ბატონობისგან დაიცვა, – ასეთია სასკოლო სახელმძღვანელოებში მოთხრობილი საქართველოს ისტორია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს აძლიერებს თანამედროვე საზოგადოებაში ანტითურქულ, ისლამოფობიურ, ქსენოფობიურ და პრორუსულ განწყობებს.

“ისტორია პოლიტიკურ ინსტრუმენტადაა გადაქცეული. შემორჩენილია ტენდენცია, რომ ისტორია არის თანამედროვეობა”,  – ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელიც სწორედ ამით ხსნის თუნდაც იმ ფაქტს, რომ ქვეყნის პარლამენტი აპირებს უქმედ გამოაცხადოს დიდგორობა იმ ბრძოლის აღსანიშნავად, რომელიც 8 საუკუნის წინ მოხდა საქართველოსა და თურქ-სელჩუკებს შორის და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

წარმოუდგენელია, დღეს რომელიმე ქვეყანამ, სადაც ისტორია წარსულად აღიქმება, 8 საუკუნის წინანდელი ბრძოლის ამბავი გამოაცხადოს უქმე დღედ. ეს ხომ კურიოზია?! ნამდვილი ანეკდოტი”, _ ამბობს გიორგი მაისურაძე.

განათლების მეცნიერების სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით მალაზონია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცვლილებების შეტანა ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში. თუმცა, მისივე თქმით, წიგნების ავტორებისთვის უფრო ადვილია იმის მოყოლა, თუ როგორ წააგო ქვეყანამ ბრძოლა, როგორ გაერთიანდა, როგორ უღალატეს, ან ვინ როგორ უერთგულა მეფეს.

“ტრადიციაა ასეთი სახელმძღვანელოების შექმნის და ძალიან ძნელია შეცვლა. გაკვალულ გზაზე სიარული ადვილია, ვიდრე კონცეპტუალური ცვლილების შეტანა”, _ ამბობს მალაზონია.

განათლების სამინისტრო 2017-2018 წლებში გეგმავს სასკოლო სახელმძღვანელოების სრულად გრიფირებას, რის შედეგადაც სკოლებში განახლებული წიგნები უნდა შევიდეს, მათ შორის, ისტორიის სახელმძღვანელოებიც.

რა არის ის პრობლემური საკითხები, რაც აუცილებელია, რომ გამოსწორდეს ისტორიის სახელმძღვანელოებში? როგორ უნდა ისწავლებოდეს ისტორიული ფაქტები ისე, რომ მან ხელი არ შეუწყოს სტიგმებისა და სტერეოტიპების გაძლიერებას საზოგადოებაში?

საბჭოურიდან რელიგიურ იდეოლოგიამდე

მართლმადიდებლობა იმდენად მნიშვნელოვანია ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, რომ დიფერენცირებულიც კი არიან დამპყრობლები. საქართველოსკენ “ველური სისასტიკით” წამოსული “პირსისხლიანების” საერთო სინონიმი მუსლიმია. რუსეთსა და მის წინამორბედ ბიზანტიას უფრო საპატიო ადგილი უკავიათ დამპყრობლების ჩამონათვალში, რადგან “მართლმადიდებელი” ქვეყნები არიან, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა მოახერხა და საქართველო სრულიად დაიპყრო, მათ შორის გააუქმა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც სახელმძღვანელოების ავტორების მიერ ქართული იდენტობის საძირკვლადაა გამოცხადებული.

ისტორიის სახელმძღვანელო

ისტორიის სახელმძღვანელო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში საბჭოთა გავლენაზე მიუთითებს:

“ქართული ისტორიული მეცნიერება არის საბჭოთა პერიოდის ნაწარმი. მთელი ქართული ნაციონალური ნარატივი, მათ შორის ნაციონალიზმიც, ძირითადად საბჭოთა პერიოდშია ჩამოყალიბებული”.

მაისურაძის თქმით, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოების პროტოტიპი 1930-1940-იან წლებშია დაწერილი, სტალინის უშუალო ჩარევით. ამ ისტორიაში ხაზგასმულია ქართული კულტურის აღმატებულობა სხვა დანარჩენი ქვეყნების კულტურებზე, უპირველესად-  ოსმალეთსა და ირანზე. გიორგი მაისურაძის თქმით, საბჭოთა იდეოლოგია 1980-იანი წლების ბოლოს მოინათლა მართლმადიდებლად, როცა საბჭოთა იდეოლოგიური მტერი ჩაანაცვლა ეთნორელიგიურმა მტრობამ და საბჭოთა იდეოლოგიური ლოზუნგების ადგილი დაიკავა რელიგიურმა ლოზუნგებმა.

გიორგი მაისურაძე მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერმა წარსულში გავლენა მოახდინა კონფლიქტების გაღვივებაზე და დღესაც ახდენს გავლენას:

“1980-იანი წლების ბოლოს ქართველი ისტორიკოსები მოექცნენ ნაციონალისტურ კონიუნქტურაზე, გარკვეული თვალსაზრისით წამქეზებლური როლიც კი ითამაშეს იმ კონფლიქტების მომზადებაში, რომლებიც 1989 წლიდან მოედო საქართველოს და კატასტროფული შედეგები გამოიღო. 1980-იანი წლების ბოლოს ისტორიკოსებმა შემოიღეს, რომ მართლმადიდებლობა არის ქართველობა. ქართველი მოიაზრება, როგორც მართლმადიდებელი, რამაც შემდეგში პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადა _ ამას მივყავართ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლამდე”.

[red_box] მტრების დახარისხება რელიგიური ნიშნით[/red_box]

“რუსეთთან უკეთესი დამოკიდებულება იმიტომ გვქონდა, ვიდრე ოსმალეთთან, რომ მაინც ქრისტიანული ქვეყანა იყო და ოსმალეთთან ყოფნას ისევ რუსეთთან ყოფნა გვერჩია. უსვამდნენ ხოლმე ხაზს, რომ “გიორგიევსკის ტრაქტატი” რომ არ დაედო, სხვა გზა მაინც არ ჰქონდაო”, _ იხსენებს თამარ ჩერქეზიშვილი საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოდან ერთ-ერთ პარაგრაფს, რომელიც სკოლაში ასწავლეს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ ამონარიდები საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც ქვეყნის დამპყრობელ სახელმწიფოებს, მტრებს რელიგიური ნიშნით ახარისხებს:

მაისურაძის განმარტებით, ისტორიოგრაფიაში რუსეთს განსაკუთრებული ადგილი რომ აქვს, მართლმადიდებლობითა და “ერთმორწმუნეობითაა” განპირობებული _ რუსეთის შემთხვევაში, ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ რუსეთი არის ერთმორწმუნე და ამით მართლდება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა.
მეორე მხრივ, მაისურაძეს პრობლემურად მიაჩნია ის, რომ საქართველოს ისტორია ეს არის დაუმარხავი მიცვალებულები, რომლებსაც არ ვაღიარებთ მკვდრებად:

“თუკი ვინმე იყო ისტორიაში ჩვენი მტერი, დღესაც აღქმული უნდა იყოს ჩვენს მტრად იმიტომ, რომ ისტორია არ დამთავრებულა, ის თანამედროვეობაა”.

ფილოსოფოსის შეფასებით, სწორედ ამითაც აიხსნება ანტითურქული და ისლამოფობიური განწყობების სიჭარბე თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.

[blue_box] შიში ეთნიკური უმცირესობებისადმი[/blue_box]

განათლების პოლიტიკის სპეციალისტის, დავით მალაზონიას შეფასებით, ისტორიის სახელმძღვანელოებში უჩინარია ეთნიკური უმცირესობების წვლილი ქვეყნის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებაში.

“როდესაც პირდაპირ ეუბნები, რომ პასკევიჩმა სომხები იმიტომ გადმოასახლა, რომ ქართველთა ასიმილაცია დაჩქარებულიყო… ამას რომ კითხულობს მეცხრეკლასელი, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას მას სომხებზე? ცალსახად უარყოფითი. ესე იგი, ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ შენ აქ არ იყო. ასეთ თემებზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს ისტორიული რეალობის დავიწყებას: პასკევიჩის მიზანი ნამდვილად იყო, ეთნიკური ბალანსი ერთგვარად შეეცვალა სამხრეთ საქართველოში. რით შეიძლება ეს განეიტრალდეს? მაგალითად, იმით, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ სამხრეთ საქართველოში ჩამოსახლებული სომხები, რამდენად განავითარეს მათ სამეურნეო კულტურები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თბილისის სუბკულტურისთვის მე-19 საუკუნეში თბილისში მცხოვრები სომხური დიასპორა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თბილისისთვის არამიანცი, რომელმაც ააგო რუსთაველზე, დღეს რომ გვიხარია, რამდენიმე ის შენობა. ააშენა პირველი უფასო საავადმყოფო. ეს არ არის ისტორიის გალამაზება, ეს რეალობაა. უკვე მოსწავლეებს არ რჩებათ სტერეოტიპული დამოკიდებულება სომხების მიმართ”, _ ამბობს დავით მალაზონია.

ისტორიის სახელმძღვანელოები

ისტორიის სახელმძღვანელოები

დავით მალაზონიას თქმით, როდესაც მოსწავლე დაასრულებს სწავლას, მან უნდა იცოდეს, რომ სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ეთნოსები არა მარტო ცხოვრობენ საქართველოში, არამედ სამეურნეო თუ კულტურულ ასპარეზზე საქმიანობით თავიანთი წვლილი შეაქვთ სახელმწიფოს ეკონომიკაში, კულტურის განვითარებაში:

“შეიძლება, რომ ოდისეი დიმიტრიადი არ ახსენო, როგორც ქართული კულტურის უდიდესი მოღვაწე? შეიძლება, არ თქვა, სომხები, რომლებიც თბილისში ქმნიდნენ სომხურ თეატრს, ისინი ამით ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ? ძალიან მივიწყებულია ეს თემა”.

გამომცემლობა “კლიოს” დირექტორი ზაზა ხიდურელი ამბობს, რომ არავინ უკარგავს სხვა ეთნოსის ხალხს დამსახურებას, თუმცა უპირატესობა მაინც მართლმადიდებლობას ენიჭება:

“ესეთი რაღაცები (სხვა ეთნოსების დისკრიმინაცია) არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ხალხის კულტურები რომ იყოს (ნაჩვენები). რასაკვირველია, წიგნების მოცულობიდან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება მართლმადიდებლური, ეს გასაგებიც არის და ამას დიდი ახსნაც არ სჭირდება“, _ ამბობს ზაზა ხიდურელი.

მისივე თქმით, სახელმძღვანელო ენციკლოპედიური ხასიათისაა და ყველაფერს ვერ დაიტევს, ამიტომ მასწავლებელმა უნდა შეიტანოს სკოლაში დამატებითი მასალები.

“წიგნი უნდა იძლეოდეს საშუალებას, მოსწავლემ აღმოაჩინოს პრობლემა, შეძლოს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიება ისტორიაში… ფაქტობრივად, მოსწავლემ უნდა ისწავლოს-დაიმახსოვროს. მასწავლებელს უჭირს, ასეთი თხრობები აქციოს ისეთ თემებად, რომ კლასი ამუშაოს ამ საკითხებზე”, _ ამბობს დავით მალაზონია.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც ჩვენთან თავისი სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა, გვითხრა, რომ ისტორიის სწავლებისას მისთვის მთავარი პრობლემა ინფორმაციით გადატვირთული სახელმძღვანელოებია. იგი ამბობს, რომ მოსწავლეს უამრავი თარიღისა და ისტორიული პიროვნების დამახსოვრება უწევს.

მასწავლებელი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ მერვე და მეცხრე კლასში მოსწავლე საქართველოს ისტორიას სწავლობს, მეათე და მეთერთმეტე კლასში კი უკან უბრუნდება, თავიდან გადის იმ საკითხებს, რომლებიც უკვე ნასწავლი აქვს, თუმცა კიდევ დამატებულია წყაროები. შესაბამისად, მიაჩნია, რომ დამატებითი მასალებით მოსწავლეებთან მუშაობა არ არის საჭირო, რადგან ისტორიის სახელმძღვანელოში საკმარისი მასალაა შეტანილი.
მასწავლებელს ასევე არ მიაჩნია საჭიროდ, რომ უფრო მეტად დაეთმოს ყურადღება ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეები მსოფლიო რელიგიებისა და სხვა ერების შესახებ ინფორმაციას “მსოფლიოს ისტორიის” საგნის ფარგლებში იღებენ.

[yellow_box] როგორია ევროპული გამოცდილება[/yellow_box]

ევროპის ქვეყნების ისტორია მოიცავს უამრავ ბრძოლას მეზობელ ქვეყნებს შორის- ეთნიკურ დაპირისპირებას, დამპყრობლურ ომებს. თუმცა იმისთვის, რომ თანამედროვეობაში ეს ფაქტები არ გახდეს ახალი კონფლიქტების წყარო, ხდება ისტორიის გააზრება, გადაფასება. ამისთვის კი სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ ამ ქვეყნებში.

ისტორიის სახელმძღვანელოები

ისტორიის სახელმძღვანელოები

მაგალითად, პოლონეთსა და გერმანიას შორის დღეს არსებული საზღვარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაივლო. ცვლილებების შემდეგ ტერიტორია, რომელიც გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, პოლონეთის საზღვრებში მოექცა, რამაც გერმანიაში პოლონელების მიმართ მიუღებლობა გააღვივა. დისკუსიები ათწლეულობით გაგრძელდა, თუმცა 1960-იანი წლებიდან ორივე ქვეყანაში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი დაახლოებაზე, რის შემდეგაც, 1991 წელს, გერმანიასა და პოლონეთს შორის კარგ მეზობლობაზე შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების შემდეგ შეიქმნა “გერმანულ-პოლონური ახალგაზრდული ორგანიზაცია”, რომელიც მხარს უჭერს პოლონელი და გერმანული ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს და ყოველწლიურად დაახლოებით 3 000 პროექტს აფინანსებს. მათში 2.7 მილიონი ადამიანია ჩართული.

რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოში

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან” გვითხრეს, რომ მათ მიერ გამოცემული საქართველოს ისტორიის ყველა კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობდა ავტორთა ჯგუფი ნოდარ ასათიანის ხელმძღვანელობით. სახელმძღვანელოები შექმნილია 2011 წელს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

“ის საკითხები, რაზედაც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, შეესაბამებოდა მაშინდელ სტანდარტს. 2012 წლიდან გამომცემლობების მიერ შექმნილ სახელმძღვანელოებს ბეჭდავს განათლების სამინისტრო. ამიტომ ამ სახელმძღვანელოების შექმნისა და გრიფის მინიჭების შემდეგ მათ შესახებ გამომცემლობას არანაირი შენიშვნა/რეკომენდაცია არ მიუღია და ვერც ხელახალი ბეჭდვისას გამოვასწორებდით რამეს (კორექტულ შეცდომებსაც კი)”, _ განაცხადეს სულაკაურის გამომცემლობაში.

დავით მალაზონია მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების ავტორებიც და მასწავლებლებიც დღეს უფრო მეტად არიან მზად ცვლილებებისთვის, ვიდრე ადრე. თუმცა, მისი თქმით, ეს რთული გზაა და შესაძლოა, გამომცემლობებმა და ავტორებმა არც იფიქრონ ტრადიციიდან გადახვევაზე და იმავე ნარატივის სახელმძღვანელოები წარადგინონ გრიფირებისთვის 2017-2018 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი