ახალი ამბები

კვესიტაძის გადაცემის შესახებ განცხადება სამეურვეო საბჭოს არ ეკუთვნის

27 მარტი, 2013 • 960
კვესიტაძის გადაცემის შესახებ განცხადება სამეურვეო საბჭოს არ ეკუთვნის

“განცხადება ეკუთვნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და არა – ბორდს.”

 

ამ დროისთვის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი ბაქრაძე ასრულებს.

 

ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა “აქცენტების” შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” განცხადების ავტორის ან ავტორთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი მელაძე.

 

მელაძის თქმით, მაუწყებელი, როგორც წესი, ემიჯნება საავტორო გადაცემაში გამოთქმულ აზრებს, თუმცა ასეთი ფორმით რატომ გავრცელდა განცახდება, მისთვის უცნობია.

 

“არ ვარ ქალაქში და ეს განცხადება მხოლოდ ახლა ვნახე. გპირდებით, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ,”- განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი მელაძემ.

 

გარდა ამისა, გიორგი მელაძემ კომენტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

 

“შესაბამისად, გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს” – როგორც ჩანს, გაუგებრობა გამოიწვია ამ ფრაზამ. ვცადე გარკვევა სიტუაციის (რადგან ახლა არ ვარ თბილისში, ასე სწრაფად ვერ ვიგებ რაღაც-რაღაცებს). ვერაფერს ვიზამ სხვას, რომ არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას ერთი მიზეზის გამო. კვესიტაძის გადაცემას აკეთებს კვესიტაძე და არ აკეთებს გუნდთან ერთად. თუ ვინმეს აქვს პრობლემა მის გადაცემაში დაფიქსირებულ რაიმე პოზიციასთან და თვლის, რომ ეს ყველაფერი ეთიკის კოდექსთანაა წინააღმდეგობაში, დაწერეთ საჩივარი საემურვეო საბჭოს სახელზე.”

 

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „აქცენტებში” გამოთქმული მოსაზრებების შესახებ განცხადება დღეს გამოაქვეყნა.

 

“26 მარტს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „აქცენტების“ პირველი ნაწილის თემა „რა როლი აქვს ეკლესიას სოციალურად დაუცველების დახმარებაში და რამდენად წარმატებულად ასრულებს ამ როლს“ წარმოადგენს აქტუალურ საკითხს, თუმცა გადაცემაში დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება და აღშფოთება. აქცენტები“ წარმოადგენს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ ერევა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში. შესაბამისად, გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს,”- ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი