დღეს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ზარალის ოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. „ძირითადი ზიანი მიადგა აჭარის მოსახლეობას. ქობულეთში 61 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და ორ მრავალბინიან კორპუსს სახურავები დაუზიანდა, ქობულეთის სანაპირო ზოლო დანგრეულია, იგივე მდგომარეობაა ბათუმში, ბულვარის სანაპირო ზოლში, რომელიც მოითხოვს რეაბილიტაციას“. – განახადა კახი კალაძემ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზარალი დათვლილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც: „გორში 38 მრავალბინიანი და 110 კერძო სახლია დაზიანებული, ოზურგეთის რაიონში 125 კერძო სახლი, და ოთხი სკოლა და ორი ადმინისტრაციული შენობა“.
მთავრობის განცხადებით, დაზიანებულია ურეკის პარკი. ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის, თუმცა, როგორც კახი კალაძე აცხადებს, ოზურგეთისა და ურეკის ზიანი მთლიანობაში მილიონი ლარამზე იქნება. ხელვაჩაურში კი დაზიანებულია 102 კერძო სახლი.
თბილისში დაფიქსირდა 300-მდე გამოძახება, მერია ამ სახლების შეკეთების პასუხისმგებლობას იღებს. ელექტროენერგიის მომარაგების გარეშე ამ დროისთვის 900 აბონენტია დარჩენილი. ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ დღის ბოლომდე ელექტროენერგია ჩართული იქნება.
„სიტუაცია სტაბილურია, ქარი ჩადგა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული“ – განაცხადა კახი კალაძემ.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, შექმნილია საგანგებო შტაბები და ხდება ინფორმაციის მიღება.
„ჩვენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ვსწავლობთ და ხდება როგორც სამშენებლო მასალის მოძიება, ასევე შემსრულებელი კომპანიების მოძიებაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბევრგან უკვე დაწყებულია“. – განაცხადა დავით ნარმანიამ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა შუახევსა და ხულოში 1000-მდე აბონეტს. ქობულეთში წყლისა და გაზის მილების აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია.
„ზღვის ზოლის აღსადგენად 750 000 ლარია საჭირო, შეიძლება გაიზარდოს ეს ციფრი, ქობულეთში გაბიონის მოსაწყობად დაახლოებით 494 ათასი ლარია საჭირო, ხოლო სახლებისა და კორპუსების აღდგენისთვის 150 ათასი ლარი. ჯამში ზარალი შეადგენს ერთი მილიონ 480 ათას ლარს“.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში ზარალი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ანაზღაურდება.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე მხოლოდ ზარალის ციფრებს ასახელებს, ბათუმის მერიის მიერ გაჟღერებული რვა მილიონ ლარში კი ის სამუშაოები შედის, რომელიც ნაპირგამაგრებით სამუშაოებისთვის იქნება გამოყოფილი. „ქვის ლოდებით უნდა მოხდეს ნაპირის გამაგრება, რომ სამომავლოდ გვქონდეს პრევენცია“. ხაბაძის თქმით, სერიოზულად დაზიანებულია აერეპორტში ასაფრენი ზოლიც, რისთვისაც ცალკე გამოიყოფა ფინანსები.
კახი კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო თანხები ანაზღაურდება მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
ვიცე-პრემიერმა მიუსამძიმრა დავით გელაძის ოჯახს, რომელიც შტორმის დროს ტალღებმა გაიტაცა. კალაძის განცხადებით, საძიებო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
