დღეს, 28 ივნისს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 83 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის. დღის საათებად ითვლება 08.00 სთ-დან 23.00 სთ– მდე, ღამის საათებად – 23.00 სთ–დან 08.00 სთ–მდე.
“ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების, უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება‐ გამოიწვევს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.
გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ამ სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა ან/და ამ ქმედების ჩადენის შემდგომ იმავე ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 (სამასი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.
ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა- გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 (სამასი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის (31 დეკემბრის 21 სთ- დან 2 იანვრის 23 სთ-მდე, 13 იანვრის 21 სთ-დან 14 იანვრის 23 სთ-მდე), საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.