ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილის “ტრანსფორმაცია” და “პოლიტელიტის კრიზისი”

26 ივნისი, 2017 •
ზაალ უდუმაშვილის “ტრანსფორმაცია” და “პოლიტელიტის კრიზისი”

25-წლიანი ჟურნალისტური კარიერის შემდეგ ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში წავიდა. ის ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

საცობები, ნეპოტიზმი, კორუფცია, მწვანე წერტილების ნაკლებობა, ბეტონის ჯუნგლები და სხვა – უდუმაშვილმა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, მისი აზრით, თბილისი დგას, დღეს მოკლედ ისაუბრა, თუმცა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თავის პროგრამას ამომრჩეველს ახლო მომავალში წარუდგენს.

ენმ-ის პრეზენტაციაზე, რომელიც მეტეხის ეზოში გაიმართა, არაერთხელ ახსენეს სიტყვა ბრძოლა: დედაქალაქისთვის, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ა.შ. ხაზი გაესვა ცვლილებების აუცილებლობას, ზაალ უდუმაშვილის ღირსებებს და მის სიყვარულს თბილისისადმი. ახსენეს ისიც, რომ უდუმაშვილი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი.

“დღეს მეც, როგორც ჩემი თანაქალაქელები, გაბრაზებული ვარ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი”, – განაცხადა უდუმაშვილმა და დასძინა, რომ ქალაქი ისეთი მიტოვებული როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა. უდუმაშვილის თქმით, მისი მერობის პირობებში თბილისი ბედნიერი ადამიანების ქალაქი უნდა გახდეს.

ენმ-ის დღევანდელ 30-წუთიან ღონისძიებას სრულად შეგიძლიათ უყუროთ ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში:

[red_box]ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში[/red_box]

ზაალ უდუმაშვილი პირველი ჟურნალისტი არ არის საქართველოში, რომელიც პოლიტიკაში მიდის, მანამდე ასეთივე გზა სხვა ადამიანებმაც გაიარეს, მათ შორის, გიგი უგულავამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სოზარ სუბარმა, გივი თარგამაძემ, ალეკო ელისაშვილმა, გიორგი თარგამაძემ, ანი მიროტაძემ, ელისო ჩაფიძემ, გიორგი ახვლედიანმა, მაგდა ანიკაშვილმა და სხვა. თუმცა ამ კუთხით მხოლოდ წარმატებული გამოცდილებები არ არსებობს:

“2010 წელს ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო”, – ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ნეტგაზეთთან საუბარში. იგი იმ პერიოდის გახსენებისას, როდესაც ქდმ-ის სახელით საკრებულოს წევრი გახდა, აცხადებს: “ჩემი თავი დავკარგე”.

გრიგოლია ფიქრობს, რომ ჟურნალისტიკაში მისი მუშაობა ბევრად უფრო ქმედითი იყო, რადგან საკრებულოში გადაწყვეტილების მიღების რეალური ბერკეტები არ ჰქონდა და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა.

ზაალ უდუმაშვილი ფიქრობს, რომ “ტრანსფორმაცია არ გაუჭირდება”:

“მგონია, რომ ჟურნალისტები ყველაზე ახლოს ვართ პოლიტიკასთან. არ მგონია, რომ რთული იყოს ტრანსფორმაცია”, – თქვა დღეს უდუმაშვილმა.

“ზოგი ადვილად გადის ადაპტაციას და ზოგი – არა”, – ამბობს ინგა გრიგოლია და აგრძელებს: “თავის დროზე გიგი უგულავაც ჟურნალისტი იყო, მიკროფონებით ერთად დავდიოდით ხოლმე გადაღებაზე. გიორგი თარგამაძეც ჟურნალისტი იყო… ამიტომ, ასე ცალსახად რთულია თქმა. მე გამიჭირდა. ალეკო ელისაშვილიც ჟურნალისტიდაკიდან წავიდა პოლიტიკაში და ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გრძნობს თავს. შეიძლება ეს ჩემი სისუსტე იყო და მე ვერ შევძელი ადაპტირება, მაგრამ აღმოვაჩნე, რომ არ იყო ეს ჩემი საქმე. ძალიან ძნელია, როცა გგონია, რომ ადვილია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ, რომ შეცდომა დაუშვი. ზალიკოს ვუსურვებ, რომ ეს განცდა არ გაუჩნდეს. გულით ვუსრვებ, რომ არასოდეს ენანოს მისი ეს ოფიციალური განაცხადი”, – გვითხრა ინგა გრიგოლიამ.

“პოლიტელიტის კრიზისი”

ზაალ უდუმაშვილი პირდაპირ არჩევით თანამდებობაზე ენმ-ის ისტორიაში პირველი კანდიდატია, რომელსაც მანამდე პოლიტიკური აქტივიზმის არავითარი გამოცდილება არ ჰქონია. რა გათვლა აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას?

პოლიტიოლოგ გიორგი ცხადაიას აზრით, ენმ-ის გადაწყვეტილების მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკური ელიტა ერთგვარი კრიზისის წინაშეა.

2012 წლის შემდეგ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა შემცირებულია. სოციოლოგიური კვლევები კი ცხადყოფს, რომ ყოველი არჩევნების წინ დიდია ე.წ. გადაუწყევეტელი ამომრჩევლების რაოდენობა.

“მეინსტრიმული პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დამკვიდრებული არიან პოლიტიკურ სცენაზე, დისკრედიტირებული არიან ადამიანების თვალში და [პოლიტიკური ძალები] ცდილობენ პროცესში ისეთი ადამიანების შემოყვანას, რომლებიც ამ საქმესთან ასოცირებული არ არია., სამაგიეროდ აქვთ ცნობადობა დ პოპულარობა”, – ამბობს გიორგი ცხადაია. იგი ფიქრობს, რომ ამ ტიპის გათვლას მეტ-ნაკლებად “ქართული ოცნებაც” გააკეთებს, როდესაც თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დაასახელებს.

“კალაძე არა პოლიტიკიდან, არამედ სხვა სფეროდან არის ცნობილი და ის კაპიტალი, რაც მან ცნობადობის თვალსაზრისით დააგროვა, შეუძლია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი პოლიტიკური კლიმატისათვის ცუდია. გამოდის, რომ პოლიტიკოსების გარკვეულმა თაობამ თავისი თავი ამოწურა და ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიც თბილისის მერია, საკუთარ თავს ვერ ხედავენ”.

თბილისის მერის არჩევნებისთვის კანდიდატების რეიტინგების გამომთვლელი რეპრეზენტატული კვლევები ჯერ არ არსებობს. ამ დროისთვის ყველა პოლიტიკურ გუნდს თავისი კანდიდატი ჯერ არც დაუსახელებია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ უდუმაშვილს გამარჯვებისთვის იმაზე ბევრად დიდი რეიტინგი დასჭირდება, ვიდრე ენმ-ის 10 პროცენტია NDI-ის აპრილის მონაცემებით. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას არა მხოლოდ უდუმაშვილი, არამედ სხვა კანდიდატებიც შეეცდებიან.

ხომ არ დაუშვა უდუმაშვილმა შეცდომა, როდესაც არჩევნებზე ენმ-ის სახელით გავიდა და არა დამოუკიდებლად? მართალია ენმ-მ 2012 წლის მარცხის შემდეგ სტაბილური ელექტორატი შეინარჩუნა, თუმცა ის “ქართულ ოცნებასთან” ზედიზედ 4 არჩევნებში დამარცხდა. გარდა ამისა, უკანასკნელი არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა საპარლამენტო წარმომადგენლობის უმრავლესობამ და პოლიტსაბჭოს მნიშნელოვანმა ნაწილმა. გიორგი ცხადაია ფიქრობს, რომ არა, რადგან მისი თქმით, ამომრჩეველი არა მხოლოდ კანდიდატს, არამედ იმასაც უყურებს, აქვს თუ არა დაპირების გამცემს მისი შესრულების შესაძლებლობა და ჰყავს თუ არა პოლიტიკური გუნდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი