“მოგესალმებით თბილისის ამ უძველესი და ულამაზესი უბნიდან. ამ ადგილას ქართველ ხალხს არაერთგზის უბრძოლია და გაუმარჯვია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გარდამტეხ ბრძოლებში. სწორედ ამიტომ [და ამიტომაც], სიმბოლურად სწორედ აქ შევიკრიბეთ”, – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მეტეხის ეზოში ზაალ უდუმაშვილის წარდგენისას.
“აქედან გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლის თაობაზე დედაქალაქის გადასარჩენად”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ენმ-ის სახელით თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებას ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი შეეცდება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობას- ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის იდეას ყრილობის დიდგორის ველზე ჩატარებასთან დაკავშირებით. ნეტგაზეთთან საუბარში აკაკი მინაშვილმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, ხოლო ელენე ხოშტარიამ – არა.
“მე წარმოუდგენლად მეჩვენება დიდგორზე ყრილობის ჩატარება. დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანები. ეს არის ძალიან კონკრეტული, საქმიანი გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისული ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით. ეს არის ეკონომიკური გეგმა, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ კარდაკარ ვიაროთ და საზოგადოებას გავაცნოთ გამოსავალი. ამიტომ დღეს დიდგორის თუ მსგავსი ტიპის ყრილობა აბსოლუტურად არ შედის [ჩვენს ამოცანებში]… ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ არის ნამდვილად განსხვავებული [სააკაშვილისგან]და არ მიმაჩნია, რომ დღეს ეს არის საარჩევნო კამპანიის სწორი ფორმა,”- განაცხადა საპარლამენტო არჩევნების წინ ხოშტარიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას. ხოშტარიამ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად მოგვაინებით ენმ დატოვა და “ევროპული საქართველო” დააფუძნა, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ ის წარადგინა.
“ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ და არა ტრადიციულ დარბაზში. იქ ძალიან კარგი აურა არის იმიტომ, რომ ეს [სავარაუდოდ, არჩევნები] არის საქართველოს დიდგორი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. საერთოდ მოჭრილი გვაქვს უკან დასახევი გზა. მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურზე წამსვლელია, ხოლო აქეთ მხარეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყნისთვის თავის გაწირვისთვის არის მზად. ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს”, – აცხადებდა სააკაშვილი 2016 წლის არჩევნების წინ.
“დღეს ჩვენ აქ მოვედით, რადგან თბილისი და საქართველო კვლავაც იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე უდიდეს გამოწვევათა წინაშე. დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უიმედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, მაფიოზური კლანისაა და ოლიგარქიის, ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად”, – განაცხადა დღეს, 26 ივნისს, ნიკა მელიამ.