ახალი ამბებისაზოგადოება

ნიკოლოზ რაჭველი იუნისეფის ელჩი გახდა საქართველოში

26 ივნისი, 2017 •
ნიკოლოზ რაჭველი იუნისეფის ელჩი გახდა საქართველოში

დღეს საგანგებო ღონისძიებაზე ნიკოლოზ რაჭველს, კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა. მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.

“ნიკოლოზ რაჭველი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან. ბოლო წლების განმავლობაში, ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვეხმარება კიდევ უფრო ფართო ფენებს მიწვდეს ჩვენი გზავნილი, რომ ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და იყენებდეს საკუთარ პოტენციალს სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. იმედი გვაქვს, ნიკოლოზ რაჭველის ძალისხმევა კვლავ დაგვეხმარება ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რომ საქართველოში დაცული იყოს ბავშვების უფლებები,” – აღნიშნავს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

იუნისეფის ინფორმაციით, ელჩის ამპლუაში ნიკოლოზ რაჭველი დაეხმარება იუნისეფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვასა და იმ ნეგატიური სოციალური ნორმების შეცვლაში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობას.

ნიკოლოზ რაჭველი 2014 წლიდან ეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდს. იგი კონცერტებისა და საჯარო გამოსვლების საშუალებით ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას და საზოგადოების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ. წელს ნიკოლოზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო იუნისეფის საკომუნიკაციო კამპანიაში „დაინახე ყველა ფერი“, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის აღმოფხვრა.

“ნიკოლოზ რაჭველი ყოველთვის მზად არის, რომ თავისი ტრიბუნა და აუდიტორია გამოიყენოს ბავშვთა საკითხების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. ამიტომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი არჩევანი მასზე. ის 2 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმუშავებს ორი მიმართულებით,” – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.

ნიკოლოზ რაჭველი არის კომპოზიტორი და დირიჟორი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. რაჭველი არის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი.

გაეროს ბავშვთა ფონდი აფასებს ხელოვანთა კავშირ „კონცეპტ-არტ“-ის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ცნობილი ხელოვანების, ნინო მაჩაიძის, ლიზა ბათიაშვილის და დავით ალდაშვილი მონაწილეობას იუნისეფის საკომუნიკაციო კამპანიაში „დაინახე ყველა ფერი“.


იუნისეფის ელჩები მთელ მსოფლიოში თავიანთ შესაძლებლობებსა და აღიარებას იყენებენ იმისათვის, რომ საზოგადოებისა და მთავრობების ყურადღება მიაპყრონ ბავშვთა უფლებების დაცვას და თავიანთი წვლილი შეიტანონ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.

დენი ქეი პირველი იყო, ვინც 1954 წელს მიიღო საეთაშორისო ელჩის წოდება; შემდეგ მას შეურთდნენ ოდრი ჰეპბერნი და სხვანი. ამჟამად არსებობს საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული ელჩების სრულიად გამორჩეული სია.

იუნისეფის კეთილი ნების ელჩები არიან საქვეყნოდ ცნობილი მსახიობები და გამორჩეული ნიჭის ადამიანები, როგორებიც არიან ქეითი პერი, სერენა უილიამსი, ლიამ ნისონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, დევიდ ბექჰემი, ჰარი ბელაფონტე, ორლანდო ბლუმი, ვუპი გოლდბერგი, ლეო მესი, რიკი მარტინი, შაკირა, ვანესა რედგრეივი, სუზან სარანდონი, მია ფეროუ, სერჯიო რამოსი, ფრანჩესკო ტოტი, კლაუდია შიფერი, ევან მაქგრეგორი, რობინ უილიამსი, სარა ჯესიკა პარკერი და სხვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი