ახალი ამბები

რა თქვეს პროკურატურის მოწმეებმა დეკანოზის ბარგის ჩხრეკაზე

26 ივნისი, 2017 •
რა თქვეს პროკურატურის მოწმეებმა დეკანოზის ბარგის ჩხრეკაზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურიდან ორი მოწმის სასამართლოში დაკითხვის შემდეგ პროკურორი აცხადებს, რომ მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დეკანოზის ბარგი მათი თანდასწრებით დაილუქა, შემდგომ კი პროკურატურაში გაიხსნა. როგორც ჯარჯი წიკლაური ამბობს, საქმეში მთელი ამ პროცედურის ამსახველი ფოტომასალაა:

“ლუქის მთლიანობა არ დარღვეულა. ამას ადასტურებს ბარგის ამსახველი ფოტომასალა. სურათები შესაძლებელია გასაჯაროვდეს კიდეც და თქვენი თვალით ნახავთ, რომ ლუქი დაზიანებული არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ამას ბრალდებული და მისი ადვოკატი ოქმში დააფიქსირებდნენ,” – ამბობს პროკურორი.

პროკურატურისგან განსხვავებულად აფასებს მოწმეთა დაკითხვას დაცვის მხარე. დეკანოზის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის თქმით, ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ყველა საგამოძიებო პროცედურა, ბარგის ეპიზოდის გარდა, ვიდეოფირზეა ასახული. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეში არც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სათვალთავლო კამერის ჩანაწერები ფიგურირებს:

“ის ვიდეოკამერები, რომლებიც არის აეროპორტში და შემთხვევით აფიქსირებდა ამ ბარგის ამოღების და დათვალიერების ფაქტს, არც ეს ვიდეოკამერები ამოუღიათ,” – ამბობს ადვოკატი.

პაატა მეხრიშვილის თქმით, ორივე მოწმე სხვადასხვაგარ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან:

“შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბარგის პროკურატურაში მიტანა მოხდა დიდი ხნის შემდეგ. ამ ბარგის აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისას ამ ორ პიროვნებას შემხებლობა არ ჰქონიათ და შეიძლება სხვა ვინმეს ჰქონოდა შემხებლობა. ამასთან, ამ ბარგის გახსნა პრობლემას არ წამოადგენს უშიშროების სამსახურისთვის – ესეც დაადასტურეს ამ პირებმა. შესაბამისად, ამ ბარგში რამის მოთავსება შესაძლებელი იქნებოდა,” – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სკანერს, რომელიც ბარგს ამოწმებს, უნდა დაეფიქსირებინა ყველა აკრძალული ნივთიერება და ნივთი, თუკი რაიმე შეფარული სახით იქნებიდა ბარგში, რაც სკანერს არ დაუფიქსირებია.

მეხრიშვილის თქმით, დღეს პროცესზე კიდევ ორი მოწმის დაკითხვა იგეგმება, თუმცა პროკურატურა მათ წინასწარ არ აწვდის ინფორმაციას, ვის დაკითხვას გეგმავს. შესაბამისად, ვინ არიან მოწმეები, ადვოკატმა ჯერჯერობით არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი