ახალი ამბები

ჩოჩელის კომპანიები ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ

22 მარტი, 2013 • 2987
ჩოჩელის კომპანიები ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ

წერილში ნათქვამია, რომ ზეწოლა ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესჯგუფს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს:


“გვქონდა სურვილი, ჩვენი სათქმელი განგვეცხადებინა რომელიმე ბიზნესშეხვედრაზე, რომელიც უკვე რამდენმეჯერ მოეწყო საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ჯგუფის არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული აღნიშნულ შეხვედრებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკანასკნელი წლების განმავლობაში 9 მოქმედი ქარხნის აშენება შევძელით.


გვრჩება შთაბეჭდილება, ჩვენი “დანაშაული” მხოლოდ ის არის, რომ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი გუბერნატორია, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო პოლიტიკაში წასვლამდე.


გთხოვთ დაინტერესდეთ ჩვენი ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა ამ მეტად რთულ ვითარებაში, რათა საშუალება მოგვეცეს განვაგრძოთ საქმიანობა და კვლავაც შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.


მიმართვაში რამდენიმე ფაქტიცაა მოყვანილი- ნათქვამია, რომ ბარამბოს” შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით უსაფუძვლოდ დაუყადაღდა უძრავი და მოძრავი ქონება, რის გამოც კომპანია ვერ ღებულობს მონაწილეობას ტენდერებში და მას დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შეჩერება მოუწია:


“თქვენი დახმარების იმედს გვაძლევს თქვენი პირველი განცხადებები პრემიერის რანგში, რომელიც სწორედ ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლისგან განთავისუფლებასა და თავისუფალ გარემოში საქმიანობის ხელშეწყობას ეხებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: “ბარამბოს” დირექტორი იაგო ჩოჩელი, “მიქსორის” დირექტორი ლაშა ჩოჩელი, “რკინაბეტონის შპალის ქარხნის” დირექტორი ილია შიხაშვილი, “ქართული ლუდის კომპანია“ ლუდსახარში “ზედაზენის” დირექტორი ვასილ სულხანიშვილი.

 

დღეს აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი განცხადებით, არც ერთი კომპანიის შემოწმება არ ხდება მისი დამფუძნებლის სახელის და გვარის გამო და მოწმდება ის კომპანიები, რომელთა გარშემოც კითხვის ნიშნები არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი