ახალი ამბები

უდუმაშვილი პანორამა თბილისზე: აშენებულ ან მშენებარე პროექტებს ხელაღებით ხელს ვერ შეუშლი

26 ივნისი, 2017 • 2795
უდუმაშვილი პანორამა თბილისზე: აშენებულ ან მშენებარე პროექტებს ხელაღებით ხელს ვერ შეუშლი

ენმ–ის თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ქალაქის ურბანულ განვითარებას და მშენებლობებს. ამის შესახებ მან მეტეხის ეზოში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილის პროექტ პანორამა თბილისთან დაკავშირებით, უდუმაშვილი პასუხობს, რომ კერძო საკუთრებაში ხელაღებით ვერ მივა და შეუშლის ხელს უკვე განხორციელებულ ან მშენებლობის პროცესში მყოფ პროექტებს.

“ზოგადად, მინდა განვაცხადო, რომ ყველა პროექტი, რომელიც აშენებულია ან მშენებლობის პროცესშია, რა თქმა უნდა, კერძო საკუთრებაა და ხელაღებით ვერ მიხვალ და შეუშლი ხელს. არ შეიძლება მისვლა და ხელის შეშლა, თუმცა ყველა პროექტი გადასახედია. მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ თბილისის ურბანულ განვითარებას და, ზოგადად, მშენებლობებს იმიტომ, რომ დღეს რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის სრულიად მიუღებელი; პრაქტიკულად, ქალაქი აღარ დაგვრჩა და ბეტონის ჯუნგლები გვაქვს ქალაქის მაგივრად. ამიტომ ეს იქნება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში,” – ამბობს უდუმაშვილი.

პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში პანორამა ბილისის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. პანორამა თბილისის საქმეზე რამდენიმე სასამართლო დავაც მიმდინარეობს, მათ შორის, ყოფილი პრემიერის პროექტის წინააღმდეგ დავობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

დღეს, 26 ივნისს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატად ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. პარლამენტის წევრმა ენმ–დან ნიკა მელიამ,დღევანდელ პრეზენტაციაზევე განაცხადა, რომ აპრებს დატოვოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და დაიწყოს ბრძოლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის; მელიას ადგილმონაცვლე პარლამენტში, სავარაუდოდ, ბადრი ბასიშვილი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი