ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა რუსეთისგან დიდი რაოდენობით იარაღი მიიღო

26 ივნისი, 2017 •
აზერბაიჯანმა რუსეთისგან დიდი რაოდენობით იარაღი მიიღო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული წარმოების უახლესი შეიარაღების ახალი მსხვილი პარტია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შევა.

რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება, როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, საერთაშორისო შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი.

“ეს შეიარაღება მოწინააღმდეგის შეიარაღების გასანადგურებლად, აზერბაიჯანის შეიარაღებული დანაყოფების საბრძოლო და სამანევრო შესაძლებლობებს გაზრდის”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

2010 წლიდან ბაქოსთვის რუსული შეიარაღების მიწოდების კონტრაქტების ფინანსურმა ჯამმა დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი შეადგინა.

რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი სომხეთში, რამდენადაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა. ამ მხრივ, მოსკოვით უკმაყოფილების ტალღა განსაკუთრებით მწვავედ აგორდა სომხეთში 2016 წლის აპრილში, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაციის შემდეგ.

დმიტრი როგოზინმა, რომელიც ВПК [სამხედრო წარმოების კომისია]-ზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. დმიტრი მედვედევმა კი განმარტა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთდროულად მიწოდების მიზანი მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა და  რუსეთს რომ არ მიეყიდა იარაღი აზერბაიჯანისთვის, ის მესამე ქვეყნებში მაინც იყიდდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, ‘საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა’ (ICG) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი