ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ორი მოქალაქე 6 000 ყალბ აქციზურ მარკას ყიდდა

24 ივნისი, 2017 •
საგამოძიებო სამსახური: ორი მოქალაქე 6 000 ყალბ აქციზურ მარკას ყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილ ყალბ აქციზურ მარკას 9000 ლარად ყიდდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები დაკავებულ იქნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების 9 000 ლარად რეალიზაციის დროს.

ამასთანავე, გამოვლენილი იქნა ის საწარმო, სადაც ბრალდებულები ახორციელებდნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების დამზადებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით,”- აღნიშნულია საგამოძებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ და მეოთხე ნაწილის ა ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი