ახალი ამბები

ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი ამბობს, რომ საფრთხის გამო საქართველო დატოვა

24 ივნისი, 2017 •
ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი ამბობს, რომ საფრთხის გამო საქართველო დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წვერის, ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი ილო ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ პროვოკაციის საფრთხის გამო საქართველო დატოვა. ჩიორა თაქთაქიშვილი ქმრის “მიმართ განხორციელებულ დევნას” მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, სუს-ი კი ინფორმაციას უარყოფს.

ილო ნიკოლაიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მაისში მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმებოდა მისი ცემა და  იარაღის ჩადება. ნიკოლაიშვილს ვკითხეთ, როგორ დარწმუნდა ის, რომ რეალურ საფრთხეზე იყო საუბარი?

ნიკოლაიშვილის თქმით, მას ეს ინფორმაცია უცნობმა მიაწოდა და იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარუდგინა, რომ მეზღაპრე არ იყო – საუბარია ნიკოლაიშვილის სატელეფონო  ჩანაწერზე, რომელის მოპოვებაზეც ამ უკანასკნელის თქმით, ხელი, სავარაუდოდ, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს მიუწვდებოდა.

ნიკოლაიშვილის თქმით, ამ შემთხვევიდან ზუსტად ორ დღეში ბათუმში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ნანა წოწორიას ძმას სახელოსნოში იარაღი “უპოვეს” და მან ჩათვალა, რომ საფრთხე მასაც შეიძლება დამუქრებოდა. გარდა ამისა, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ თავის დროზე ის დაკითხულია საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობის მიერ დეკლარირებული დესტაბილიზაციის საქმეზე, რომელიც ჯერ დახურული არ არის. ამასთან, ნიკოლაიშვილი საეჭვო გარემოებად მიიჩნევს იმასაც, რომ ენმ-ს ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ, რომელიც ზემოხსენებული “დესტაბილიზაციის საქმის” ერთ-ერთ მთავარი მოწმე და “ყოფილი თანაგუნდელების მამხილებელი იყო”, ბათუმში მარტში მომხდარი არეულობის შემდეგ ბრიფინგი გამართა და კვლავ ახსენა ის ჩიორა თაქთაქიშვილთან და ენმ-ს სხვა წევრებთან ერთად. ბათუმში მომხდარი არეულობის დროს ნიკოლაიშვილის თქმით, ის ტურისტული მიზნით არგენტინაში იმყოფებოდა.

“არჩევნების წინ მე სწორედ ბესო კალაძის ჩვენების გამო დამკითხეს”, – ამბობს ნიკოლაიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკოლაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“ილია ნიკოლაიშვილი სუს-ში იმყოფებოდა დაკითხვაზე მოწმის სახით 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ მის მიმართ გამოძიებას არანაირი ინტერესი არ ჰქონია და არც რაიმე შეზღუდვა ჰქონია ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით. მისი განცხადება არის საფუძველს მოკლებული და ცილისწამებლური”, – მოწერეს ნეტგაზეთს სუს-ის პრესსამსახურიდან.

ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი კი ეჭვობს, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას და მიზანი მისი დაშინება, შემდეგ კი გადაბირება ან რომელიმე ოპოზიციონერის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა იყო. ილო ნიკოლაიშვილის თქმით, ის ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა.

ჩიორა თაქთაქიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს:

“მუქარა პირადად მასზე [ილო ნიკოლაიშვილზე] იყო და თან მათი მიზანიც ეგაა, რომ ყველა გადაიხვეწოს ან აქ დაიჭირონ. ამიტომ მე არ წავსულვარ არსად”, – ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ილო ნიკოლაიშვილი კი აცხადებს, რომ ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატბეში იმყოფება და პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პროცედურების დაწყების ვარიანტსაც განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი