ახალი ამბები

დაცვისა და ბრალდების საპირისპირო განცხადებები ირაკლი მამალაძის დაკითხვის შემდეგ

23 ივნისი, 2017 •
დაცვისა და ბრალდების საპირისპირო განცხადებები ირაკლი მამალაძის დაკითხვის შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის დაკითხვა. სხდომა დახურული იყო. მოწმეს შეკითხვები ორივე მხარემ დაუსვა. სხდომის დამთავრების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარე დაკითხვის შესახებ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ირაკლი მამალაძემ დეკანოზისათვის წაყენებული ბრალი არ დაადასტურა:

“დღეს საქმის მთავარმა მოწმემ წაყენებული ბრალი არ დაადასტურა. აღნიშნულ ბრალს მე ვერ წავიკითხავ, რადგან არ მაქვს უფლება. რაშიც ედება ბრალი [გიორგი მამალაძეს], მე ამაზე დავუსვი შეკითხვა: ის ადასტუდებდა თუ არა და მან არ დაადასტურა აღნიშნული ბრალი. აქედან გამომდინარე საქმეში არ უნდა გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი,” – აცხადებს ფანცულაია

ხოლო პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის თქმით კი, დაკითხვისას მოწმემ დაადასტურა, რომ დეკანოზს ციანიდი ადამიანის მკვლელობისათვის სჭირდებოდა:

“დაკითხულმა მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდა ადამიანის მკვლელობისთვის. ბრალდებული დაპირისპირებული იყო შორენა თეთრუაშვილთან. ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციის მიზნით და მან საწადელის ვერ მიაღწია, შემდეგ აირჩია ყველაზე რადიკალური და გაუგონარი მეთოდი. ფაქტიურად წავიდა დანაშაულზე და დაგეგმა მკვლელობა ამ საწამლავის გამოყენებით.” – თქვა ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ივნისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი