ახალი ამბები

ღარიბაშვილის გამოთვლით დანაშაულმა 40%–ით იკლო

21 მარტი, 2013 •
ღარიბაშვილის გამოთვლით დანაშაულმა 40%–ით იკლო

“მე განვაცხადე, რომ ნოემბერში დანაშაულის რიცხვმა იმატა, განსაკუთრებით ისეთი წვრილმანი დანაშაულები, როგორიცაა წვრილმანი ქურდობა და ა.შ. მაგრამ სამწუხაროა, როცა ერთს ამბობენ და მეორე ავიწყდებათ. მათ ახსენეს, რომ იანვარში და თებერვალში განსაკუთრებით, დანაშაულის რიცხვმა საგრძნობლად იკლო და თქვეს, რომ ეს არის წინა წელთან შედარებით 15%–იანი მატება. ანუ გამოდის, რომ 40%–ით იკლო დანაშაულმა”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

 

“ნეტგაზეთმა” მიმდინარე წლის 12 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის გაცემის

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მოთხოვნით. ჩვენ უწყებისგან 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე საქართველოში მომხდარი დანაშაულებების სტატისტიკა გამოვითხოვეთ.

 

შსს–ს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურომ 19 მარტს აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა იყო 4 598, რაც 2011 წლის იგივე პერიდოთან შედარებით 1 719 შემთხვევით (59.7%-ით) მეტია.  აქედან 1 434 არის ქურდობა. ქურდობის მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 55.9%–ით.  ამავე თვეში დაფიქსირებულია ავტომანქანისა და ავტომანქანის ნაწილების ქურდობის 139 ფაქტი. შსს–ს განცხადებით, გასულ წლებში ავტომანქანის ნაწილის ქურდობა ცალკე არ აღირიცხებოდა.

 

2012 წლის დეკემბერში დანაშაულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 4 815–ს, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 40.7%–ით მეტია, ასევე, გაზრდილია ქურდობის ფაქტები 25.6%–ით და შეადგენს 1423–ს.

 

დანაშაულთა საერთო რაოდენობამ კლება დაიწყო 2013 წლის 1 იანვრიდან და ამ პერიოდში საქართველოში სულ 3906 დანაშაული დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული მონაცემი 19.6%–ით მეტია 2012 წლის იანვართან შედარებით, რა დროსაც საქართველოში 3266 დანაშაული დარეგისტრირდა.

 

დანაშაულის საერთო რაოდენობა 2013 წლის თებერვალში ოდნავ შემცირდა და შეადგინა 3 819, თუმცა აღნიშნული მონაცემი 15.7%–ით მეტია 2012 წლის თებერვალში რეგისტრირებულ დანაშაულზე.

 

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო თვეებში გაზრდილია ბინის გაქურდვის, განზრახ მკვლელობის და ნარკოდანაშაულის მაჩვენებლები.

 

როდესაც აღნიშნული მონაცემების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან შეხვედრის დროს, 19 მარტს გავაცანით და ვკითხეთ, რატომ გაიზარდა დროის აღნიშნულ მონაკვეთში დანაშაული წინა წელთან შედარებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გვიპასუხა:

 

“2012  წელთან შედარებით გვაქვს გარკვეული მატება, თუმცა გვაქვს კლების ტენდენცია. მე არ ვიცი, მანდ რა მონაცემები გაქვთ, იქნებ დაელოდოთ საბოლოო მონაცემებს. თვის ბოლოს ჩვენ წარმოვადგენთ საბოლოო მონაცემებს. ეს იქნება ზუსტი მონაცემები და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ”.

 

 მინისტრს ავუხსენით, რომ აღნიშნული მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურად გვქონდა მიღებული.

 

“თქვენ რაც გიკავიათ ეს მონაცემები, მე უნდა ვნახო, უნდა გავეცნო, მე არ ვიცი, რა მონაცემებს კითხულობთ მანდ. მე გითხარით, რომ თვის ბოლოს ჩვენ გვექნება სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროვება და ამის შემდეგ მე გავცემ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი