მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს დღეს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები შეხვდნენ. მათთან შეხვედრაზე, ბორდის თხოვნის მიუხედავად, არ მივიდნენ მენეჯმენტის წარმომადგენლები.
16 ივნისიდან გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები GPB-ის მენეჯმენტთან და ბორდთან შეხვედრას, ასევე, მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებების შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხებს მოითხოვდნენ. თუმცა, როგორც ისინი დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებენ, “დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი დაიმალა”, ხოლო მნიშვნელოვანი კითხვები ისევ პასუხგაუცემელი დარჩა.
ლაშა მესხის, “მოამბის” ყოფილი ჟურნალისტისა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მათ კითხვები ძირითადად GPB-ის მენეჯმენტის მისამართით ჰქონდათ, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრება არ ისურვეს. მესხის განცხადებით, მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს, მათზე ზემდგომი ორგანოს თხოვნა არ გაითვალისწინა.
“რაც შეეხება შეხვედრას – ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. არანაირი შედეგი არ დამდგარა, რადგან არ იყო მზაობა მენეჯმენტის მხრიდან. ისინი არ ესწრებოდნენ შეხვედრას. ჩვენ მთავარი შენიშვნები და კითხვები გვქონდა არა მხოლოდ ბორდთან, არამედ მენეჯმენტთან. სიტუაციის რეალური წარმმართველი საზოგადოებრივ მაუწყებელში არის მენეჯმენტი, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კერძო ტელევიზია.” – ამბობს მესხი.
მესხის თქმით, მათ მიმართეს ბორდს კითხვით, ხომ არ ემუქრება საზოგადოებრივ მაუწყებელს, “როგორც მკვეთრად გამოკვეთილ ევროპულ ინსტიტუტს, გაუქმება საქართველოში”? ბორდი კი მსგავს საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
“ამ კითხვაზე ბორდისაგან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ამ ეტაპზე ასეთ საფრთხეს ვერ ხედავენ, თუმცა ისინი დაელოდებიან მენეჯმენტის ქმედებებს და თუ საჭირო გახდება, შესაძლებელია მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
დღევანდელი შეხვედრა იყო დასტური იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი და მენეჯმენტი ერთ ხმაში მღერიან, მცირე გამონაკლისების გარდა. ჩვენი მთავარი კითხვები მენეჯმენტთან დღეს პასუხგაუცემელი დარჩა, რაც ადასტურებს, რომ ეს არის ყველაზე არაგამჭვირვალე, არაპროგნოზირებადი და ცუდი მენეჯმენტი, რომელიც ჰყოლია მაუწყებელს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და აუცილებლად მივიღებთ პასუხებს,” – აცხადებს მესხი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი მაუწყებლის შესახებ. კერძოდ, კანონპროექტის 30-ე მუხლიდან ბორდის თანხმობით “თ” ქვეპუნქტის ამოღების საკითხი, რომლის საფუძველზეც, GPB-ის ბორდის ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თავად განსაზღვრავს მაუწყებლის შრომის პირობების სტანდარტებს. დამტკიცების შემთხვევაში ეს ცვლილება შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯომარის მოადგილის, ილია ლეჟავას განცხადებით, დააზიანებს მაუწყებელს. ასევე აღნიშნავს, რომ ბორდის წევრები არ იცნობენ კარგად კანონპროექტში მათივე თანხმობით შესულ ცვლილებებს.
“მათ აქვთ ასეთი არგუმენტი, რომ შრომის კოდექსით დარეგულირდება ასეთი ურთიერთობები მომავალში, მაგრამ შრომის კოდექსი ითვალისიწებს ვადიან ხელშეკრულებებს. თუმცა, როდესაც საკითხი ეხებათ ჟურნალისტებს და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, უმჯობესია, რომ საკითხი განიხილოს ბორდმა, როგორც არის ეს ახლანდელი კანონით რეგულირებული.
საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ პუნქტზე ბორდის წევრების უმეტესობა ინფორმირებულიც არ იყო,” – ამბობს ლეჟავა.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია კი აცხადებს, რომ ეს საკითხი იურისტებთან ერთად განიხილეს და პუნქტის ამოღება საფრთხის შემცველად არ მიაჩნია.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოციალური თემატიკის გადაცემების საეთერო ბადიდან ამოღებაზე და გადაცემა “რეალური სივრცის” ფორმატის ცვლილებაზე, რომელიც ახალი სეზონიდან ეთერში ყოველდღე აღარ გავა, რაც ლეჟავას თქმით, პრობლემურია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია, სახელწოდებით “საზმაუ ჩვენია” 16 ივნისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გადაცემების, „წითელი ზონა“ და „ინტერview“ დაიხურვა გააპროტესტეს და მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი განცხადებით, GPB-ის მენეჯმენტის მიერ გადაცემების, “წითელი ზონისა” და “ინტერვview”-სთვის კონტრაქტის არგაგრძელება მაუწყებელში განსხვავებული აზრის დევნის მაგალითია.
GPB-ის მენეჯმენტი 2017 წლის დასაწყისში შეიცვალა და მაუწყებელში რეორგანიზაცია დაიწყო. საზოგადოებრივ მაუწყებელის სამეურვეო საბჭომ 7 მარტს მხარი დაუჭირა მენეჯმენტის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არსებული გადაცემები მაუწყებლის ეთერში მხოლოდ 2017 წლის 17 ივლისამდე დარჩება, სექტემბრიდან კი ახალ სეზონს მაუწყებელი განახლებული საეთერო ბადით გააგრძელებს.