ახალი ამბები

50-სართულიანი სახლი ბათუმის სანაპიროზე

20 მარტი, 2013 • 3783
50-სართულიანი სახლი ბათუმის სანაპიროზე

სისთემ ინშაათის ახალი პროექტი ბათუმში
სისთემ ინშაათის ახალი პროექტი ბათუმში

კომპანიის ტექნიკური მენეჯერი იაშარ აიდინი, სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მშენებარე კომპლექსის პროექტი უკვე შეტანილია ქალაქის არქიტექტურის სამსახურში.

 

“პროექტის დეტალებზე ვრცელ ინფორმაციას რამდენიმე კვირაში მოგაწვდით. ცვლილება შეეხო მხოლოდ შიდა მხარეს, გარეგნულად კომპლექსი ისეთი იქნება, როგორც ბანერზეა წარმოდგენილი”, – აცხადებს მენეჯერი.

 

ბანერის მიხედვით, ორმოცდაათსართულიან კომპლექსში კაზინო, საცხოვრებელი და კომერციული ფართობები იქნება განთავსებული. საცხოვრებელი ბინების რაოდენობა 454-ია, ასევე, იქნება “პენტჰაუსი” ზღვის ხედით, სასაუზმე და გასართობი ადგილები.

 

კომპლექსი “საოცრებათა მოედნის” გვერდით აიგება. მოედნის მეორე მხარეს კი კომპანია “სილქ როუდ ჯგუფი” “ტრამპ თაუერის” და ე.წ “ამერიკული სოფლის” მშენებლობას გეგმავს.

 

ანბანის კოშკის მიმდებარედ აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა არ იყო დაგეგმილი, ის ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში, “გმირთა სკვერის” მიმდებარედ უნდა აშენებულიყო. ტერიტორია აჭარის მთავრობამ ინვესტორს 914 130 ათას ლარად 2011 წლის დეკემბერში მიყიდა. თუმცა, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, ინვესტორმა აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპლექსის აგებაზე უარი განაცხადა. საზოგადოების წარმომადგენლები ამ ადგილზე საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ “გმირთა სკვერში” კომპლექსის აგება ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას შეურაცხყოფდა. აჭარის მთავრობამ ინვესტორს მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორია “გმირთა სკვერის” მოპირდაპირე მხარეს, ანბანის კოშკის წინ სწორედ ამ აქციების შემდეგ გამოუყო. ტერიტორია პარკინგისთვის იყო განკუთვნილი.

 

ქალაქის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ირაკლი სურმანიძის განცხადებით, კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია:

 

“სამშენებლო ნებართვა გაიცა 2012 წელს, კომპლექსი 50-სართულიანია და 2016 წლისთვის უნდა დასრულდეს”.

 

ადგილი, სადაც ორმოცდაათსართულიანი სახლი შენდება
ადგილი, სადაც ორმოცდაათსართულიანი სახლი შენდება

ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილ ხელისუფლებას მუდმივად საყვედურობდნენ იმის გამო, რომ ახალი არქიტექტურული პროექტები ქალაქის ურბანულ იერ-სახეს ამახინჯებდა. ქალაქის მთავარი არქიტექტორი, გია რამიშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთი კვირის წინ დაინიშნა, ამბობს, რომ იმ პროექტებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია, არქიტექტურის სამსახური ვერანაირ ცვლილებას ვეღარ განახორციელებს:

 

“მშენებლობის წესები კანონთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. ის პროექტები, რომლებიც წინა წლებში დაიგეგმა, შესაძლებელია, არღვევს ქალაქის ურბანულ სახეს, მაგრამ მათში ვეღარ ჩავერევით. ამის უცხადესი მაგალითია ბათუმის ფოსტა, მთელი ინტელექტუალური თუ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, მაგრამ მაინც ვერაფერს აკეთებენ. აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები”, – აცხადებს გია რამიშვილი, ქალაქის არქიტექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი