“ქედს ვიხრი თქვენი ადამიანობის წინაშე, ბატონო ბიძინა და ერთიანი ერის სურვილით მადლობას გიხდით, თუნდაც ამ წუთისთვის. ბრძოლით ტკივილი მივაყენე ან უნებლიეთ შევცოდე ერთიანობის სურვილით, გულცრემლიანი თითოეულ თქვენგანს შენდობას ვთხოვ და მაპატიეთ,” – ეს განცხადება სპორტის სასახლეში ჭიდაობის ევროპული ჩემპიონატის განხსნის დროს ლუკა კურტანიძემ გააკეთა.
ლუკა კურტანიძე ბოლო პერიოდში არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 30 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმა ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო და ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მხარე დაკითხა.
აღნიშნული საქმის გამოძიების გაუმჭვირვალედ მიმდინარეობის ვარაუდი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გამოთქვა. მათ ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ აღნიშნული გამოძიება გახადოს გამჭვირვალე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მით უმეტეს, რომ ლუკა კურტანიძე გახლავთ პოლიციის აკადემიის პრორექტორი და იგი უნდა წარმოადგენდეს მაგალითს რიგითი პოლიციელისათვის. ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს, შეუჩეროს უფლებამოსილება ლუკა კურტანიძეს გამოძიების დასრულებამდე. თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ პროტესტის სხვა ფორმას მივმართავთ,”- ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადება შს მინისტრმა გუშინ, 18 მარტს, უმცირესობასთან შეხვედრის დროს, საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. რატიანი დაინტერესდა, იგეგმებოდა თუ არა კურტანიძის შსს აკადემიის პრორექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება:
“გადაიყვანთ თუ არა კურტანიძეს სხვა თანანმდებობაზე? ვისაც სურვილი აქვს ადამიანების ჭამის, ეს არის კანიბალობა და გადაიყვანეთ სხვაგან!”
ღარიბაშვილის მტკიცებით, კურტანიძე მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებს.
