ახალი ამბები

მამა კახაბერ გოგოტიშვილი: ციხეში დეკანოზის ზიარებისთვის არ შევდივართ, მისი მონახულება დაგვევალა

21 ივნისი, 2017 • 2883
მამა კახაბერ გოგოტიშვილი: ციხეში დეკანოზის ზიარებისთვის არ შევდივართ, მისი მონახულება დაგვევალა

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, პატრიარქის დავალებით, ის და მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოინახულებენ, თუმცა ვიზიტის მიზეზი მამალაძის ზიარება არაა. როგორც დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, დეკანოზს სურს პატრიარქს რაღაც გადასცეს, მამა კახაბერი და მამა დავითი კი მას გაესაუბრებიან:

“ჩვენ პატრიარქმა დაგვავალა, რომ შევიდეთ ციხეში და მოვინახულოთ დეკანოზი. როცა მოვახერხებთ, მოვინახულებთ. უბრალოდ, ამ კვირაში ფიზიკურად ვერ მოხერხდება, ხვალ ვერ ვახერხებთ და ზეგ კიდევ სასამართლო პროცესია. სასამართლო პროცესის დროს მონახულება შეუძლებელია და სავარაუდოდ იმ კვირაში მოვინახულებთ, თუმცა, კონკრეტულად, დღე არ არის გადაწყვეტილი.

ჩვენ ზიარებისთვის არ შევდივართ. უბრალოდ, მას სურს პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა და მე და მამა დავითი გავესაუბრებით და გავიგებთ, რა სურს მას. ამის შემდეგ, თუ გვეტყვიან ზიარებაზე, რა პრობლემაა. უბრალოდ, ამას ჩვენით ვერ გადავწყვეტთ იმიტომ, რომ  მღვდელი მღვდელს ვერ გადაუწყვეტს, ეზიაროს თუ არა, ეს მღვდელმთავრის გადასაწყვეტია,”  – ამბობს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს დღეს, 21 ივნისს შეხვდნენ. როგორც დაკავებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, ოჯახმა დაკავებული დეკანოზის ზიარება მოითხოვა, რაზეც პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა, თუმცა, დეკანოზის ძმის თქმით, საუბარი ილია მეორეს მამა დავით ჭინჭარაულმა გააწყვეტინა და თქვა, რომ პატრიარქმა მას და მამა კახაბერ გოგოტიშვილს დეკანოზის ზიარება დაავალა, რის გაკეთებასაც უახლოეს დღეებში აპირებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი