შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში მოპოვებული თევზი ევროკავშირის ბაზარზე შევა. თევზი მემესამე ცხოველური წარმოშობის პროდუქტია თაფლისა და მატყლის შემდეგ, რომელმაც EU-ს წევრ ქვეყნებში ექსპორტირების ნებართვა მიიღო. გადაწყვეტილება ამის შესახებ 20 ივნისს მიიღეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ევროკომისიას წარუდგენს აღიარებული ბიზნესოპერატორების სიას, რომლებიც შეძლებენ პროდუქციის ევრობაზარზე გატანას. პირველი 5 ბიზნესოპერატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად შეირჩა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირების უფლება კონკრეტულმა საწარმოებმა მიიღეს, არამედ ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველოს თევზჭერის ინდუსტრიაში არსებული სტანდარტები შეესაბამება მათ მოთხოვნებს და ბაზარი ღია იქნება ქართული პროდუქციის მწარმოებლებისათვის. მონიტორინგისა და დაშვების პროცესი გაგრძელდება.
“მინდა განვმარტო, რომ საქართველოდან აღიარებული კონკრეტული საწარმოების დაშვება არ მოხდება ბაზარზე, არამედ სისტემა და კანონმდებლობა შეფასდა: როგორია ამ კანონმდებლობის შესრულება, როგორია ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, როგორ მუშაობს ინსპექცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ბაზარზე დაშვება… თუმცა პროცედურა მოიცავს საწარმოების შემოწმებას და ინფორმაციის გადაგზავნასაც ევროკავშირისთვის,” – აცხადებს მინისტრი.
მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანისათვის ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი 2014 წელს წარადგინა. ამის საფუძველზე სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოებების ადგილებზე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოში ევროკომისიი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორიატის ინსპექტორები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს არსებული ვითარება.
მისიამ წარმოადგინა შესაბამისი რეკომენდაციები, რის საფუძველზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა ცვლილებები, მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობა დააახლოვა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან.
მინისტრის ინფორმაციით, გადაიარაღდა საწარმოები და ისინი თანამედროვე სტანდარტებს დაუხლოვდა, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს და აისახება მის ფასზეც.
“გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, ჩვენ უკვე არსებული პროდუქციის უფრო მაღალ ფასში გაყიდვის საშულება მოგვცემა, მეორე მხრივ კი, გაჩნდება დამატებითი ბაზარი, რომელიც ისევ სტიმულს გააჩენს, რომ წარმოება გაიზარდოს,” – ამბობს დავითაშვილი.
ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები თევზისგან, ძირითადად ქაფშიასგან, თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილოვრივი ბაზრისთვის კი მცირე ოდენობით საკვებად განკუთვნილი ცოცხალი თევზის რეალიზაციას. ამ დრომდე საქართველოში მოპოვებული თევზისა და თევზის პროდუქტების ერთადერთი ბაზარი თურქეთი იყო, სადაც მინისტრის თქმით, ყოველ წელს 15 მლნ. დოლარის ღირებული თევზის ფქვილი იყიდება, თევზის ცხიმი კი, 6 მლნ. დოლარის. სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თევზის ფქვილი პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობით გამოირჩება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი აღნიშნავს, რომ ევროკომისია მზად არის დაეხმაროს საქართველოს, რათა მან ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლოს კიდევ უფრო მეტი პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვა. ელჩის ინფორმაციით, ბოლო წელს საქართველოდან ევროკავშირში იმპორტი 33%-ით გაიზარდა და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის 500 მლნ.-იან ბაზარზე სხვა ქართული პროდუქციაც იპოვის თავის ადგილს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩიქურაშვილი განცხადებით, სააგენტო გააგრძელებს მუშაობას და მიანიჭებს აღიარებას სტანდარტებთან შესაბამისომაში მყოფ საწარმოებს.