“ის, რომ 112-ის მომსახურება არის ფასიანი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, ეს არის მიღებული პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მე შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ აშშ. დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ, საქართველოს კანონმდებლობით, დადგენილი არის 112-ის მომსახურების საფასური. ეს დადგენილება და გადახდის პრინციპი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის დადგენილებით. მე მინდა ისიც გითხრათ, რომ ზოგადად 112-ის მომსახურება და სერვისი, ვფიქრობ, რომ არის ძალიან ეფექტური, და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი ფორმა”, – განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოში 112-ის გადასახადი ამოქმედდა 2012 წლის იანვრიდან, კერძოდ, მობილური ოპერატორების აბონენტებს, არა აქვს მნიშვნელობა, ისინი საგრებლობენ თუ არა 112-ის მომსახურებით, ეჭრებათ გადასახადი სწორედ 112-ის სერვისისთვის – ფიზიკურ პირებს თვეში 20 თეთრი, ხოლო იურიდიულ პირებს – 50 თეთრი.
საქართველოს #489 დადგენილების გაუქმებას, რომლითაც დაწესდა 112-ის გადახადი, არაერთმა ორგანიზაციამ გაასაჩივრა, მათ შორის სასამართლოში, სოციალურ ქსელებში, მათ შორის ფეისბუქში შეიქმნა გვერდი – მოვითხოვთ, გაუქმდეს 112-ის გადასახადი/მოსაკრებელი.
112-ის გადასახადის შემოღებას აპროტესტებდნენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ამჟამად სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი პარტია – “თავისუფალი დემოკრატები”. 2012 წლის 1 მარტს ირაკლი ალასანიას პარტიამ აქცია გამართა მთავრობის კანცელარიასთან. მაშინდელმა ოპოზიციონერმა, ამჟამად კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა:
“ეს თანხა გადაეცემა პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რადგან ეს ოპერატორი დაქვემდებარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროზე. “თავისუფალი დემოკრატები” ვითხოვთ, ეს გადაწყვეტილება გაუქმდეს, რადგან ეს არის პირდაპირი ზეწოლა ბიზნესზე და ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა “მაგთი”, “ბილაინი”, “ჯეოსელი” და საქალაქთაშორისო ტელეფონები”. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც ეს სერვისი არსებობს, მომსახურება უფასოა.
საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დღემდე ითხოვს ამ გადასახადის გაუქმებას, რადგან უკანონოდ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ვალდებულნი არიან გადაიხადონ გადასახადი იმ მომსახურებაში, რომლითაც არ სარგებლობენ..
