ახალი ამბები

რუსული ფინანსური პირამიდისთვის ძებნილი ბიზნესმენის მილიონები კუდს

19 მარტი, 2013 • 2341
რუსული ფინანსური პირამიდისთვის ძებნილი ბიზნესმენის მილიონები კუდს

ალექსანდრე აბესლამიძე, იგივე ალექსანდრე პოლშენკო, იგივე ედუარდ ხუბეჟოვი საუბრობს საკუთარ თავსა და ბიზნესზე, რომელსაც 
რუსეთში MMM-ის მსგავსი ფინანსური პირამიდა უწოდეს. ალექსანდრე აბესლამიძის ვინაობის, ადგილსამყოფელისა და ხელისუფლებასთან მისი ურთიერთობის შესახებ “ბათუმელები” ინფორმაციას ორი წელი იკვლევდა.

 

ალექსანდრე და მინდია (ალექსანდრეს ცოლის ძმა) აბესლამიძეები გასული წლის დეკემბერში ახალმა ხელისუფლებამ ბათუმში, შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობაში დაკითხა. მათთან ერთად ამ საქმეზე დაკითხეს პეტრე დევრიშაძე (სპეცოპერაცია “ენვერის” ერთ-ერთი მონაწილე), უჩა შანიძე (ახალშექმნილი ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე აჭარაში), ანზორ დუმბაძე (ყოფილი პოლიციელი და პოლკოვნიკი) და სხვებიც.

 

აბესლამიძეებმა გამოძიებას კიდევ ერთხელ აუხსნეს იმის შესახებ, თუ როგორ შემოვიდა 1970 წელს ბათუმში დაბადებული და რუსეთში ძებნილი ალექსანდრე აბესლამიძე საქართველოში. ისინი გამოძიებას მოუყვნენ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მათზე შანტაჟის შესახებ.

 

“ბოლო დაკითხვაზე მხოლოდ თემურ პატარიძე აინტერესებდათ. მეუბნებოდნენ დაწერე, რომ თემურმა აიღო… მე ვამბობდი, რომ ფულს იღებდა პეტრე. მათ არ უნდოდათ პეტრეს დაწერა”, – უთხრა “ბათუმელებს” ალექსანდრე აბესლამიძემ.

 

აბესლამიძეები ამბობენ, რომ მფარველობის სანაცვლოდ თანხას პეტრე დევრიშაძის ხელით, ძირითადად, თემურ პატარიძეს უხდიდნენ. ისინი ამბობენ, რომ დღემდე აქვთ ტელეფონებში მუქარის შემცველი SMS-ები.

 

ალექსანდრე აბესლამიძე ამბობს, რომ საქართველოში მისი ყოფნის შესახებ ცნობილი იყო რუსეთის სამართალდამცავებისთვის. ის გასულ წელს დაკითხა კიდეც რუსეთიდან მოვლენილმა პირმა.

 

აბესლამიძის ინფორმაციით, მასთან რუსეთის სახელმწიფოს თითქმის ყველაფერი გარკვეული აქვს, საქართველოში კი დანაშაული არ ჩაუდენია გარდა ერთისა, – რუსეთში ძებნილმა საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტით. თუმცა, თავისი ადვოკატისგან აქვს ინფორმაცია, რომ გასულ წელს ამ სახის დანაშაულზე ამნისტია გამოცხადდა.

ალექსანდრე აბესლამიძე თავისი ოფისის პრეზენტაციაზე
ალექსანდრე აბესლამიძე თავისი ოფისის პრეზენტაციაზე

 

ალექსანდრე პოლშენკო, იგივე ალექსანდრე აბესლამიძე

 

საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე პოლშენკოზე რუსეთში ძებნა 2008 წლის თებერვალში გამოცხადდა. რუსული მედიის ცნობით, მან პეტერბურგში შექმნა ფინანსური პირამიდა, რის შედეგადაც მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ 100 ათასი რუსეთის მოქალაქე დაზარალდა, მათ შორის 20 ათასი პეტერბურგელი იყო. ზოგიერთი რუსული მედიის ცნობით, პოლშენკომ ფინანსური პირამიდის გზით 5 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა. სხვა წყაროების ცნობით, ეს თანხა რამდენიმე ათეული მილიარდიც კი იყო. მაშინ რუსული მედია წერდა, რომ პოლშენკოს კუთვნილ კომპანია “რუბინს” რუსეთის 380 ქალაქში ჰქონდა ფილიალები. პოლშენკომ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მთელ ქვეყანაში 5 ათასი დირექტორი ჰყავდა.

 

კომპანია “რუბინი” მოქალაქეებს გამდიდრებას ჰპირდებოდა – ვინც შეიტანდა 3 ათას რუბლს, წლიურ 25 პროცენტს მიიღებდა. თუ შენატანი 30 ათასი რუბლი იქნებოდა – პროცენტი 50-მდე იზრდებოდა. კომპანიაში მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ მათ შენატანს უძრავ ქონებაში დააბანდებდნენ. “რუბინის” ოფისებთან რიგები იდგა. 

 

ერთ დღეს კი აღმოაჩინეს, რომ ოფისიდან ყველა დოკუმენტაცია გატანილია, ხოლო თავად პოლშენკო გაუჩინარდა. ამ ინფორმაციების კვალდაკვალ რუსეთმა პოლშენკოზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ითქვა, რომ პოლშენკოს კვალს რუსმა სამართალდამცავებმა ვერ მიაგნეს.

 

ბათუმში ჩამოსული ალექსანდრე პოლშენკო ცოტა ხანში ქორწინდება და ცოლის გვარზე რეგისტრირდება, რის შემდეგაც ოფიციალურად ხდება ალექსანდრე აბესლამიძე.

 

ალექსანდრე პოლშენკო, იგივე ედუარდ ხუბეჟოვი

 

ალექსანდრე პოლშენკო საქართველოში ცხინვალიდან შემოვიდა. მისი და სხვა წყაროების თქმით, გოჩა ძასოხოვმა – იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა, პოლშენკო საქართველოში, კერძოდ კი, ცხინვალში ედუარდ ხუბეჟოვის ყალბი პასპორტით შემოიყვანა. “ბათუმელების” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ედუარდ ხუბეჟოვი საქართველოდან თურქეთში 2008 წლის აპრილში გაემგზავრა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

 

ალექსანდრე აბესლამიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის გოჩა ძასოხოვთან მეგობრობდა. საქართველოში შემოსვლის შემდეგ მან სწორედ გოჩა ძასოხოვს მისცა 2,5 მილიონი ევრო. ამბობს, რომ ამას ყალბ პასპორტთან საერთო არაფერი ჰქონდა და ეს სესხი იყო. აბესლამიძე ამბობს, რომ მოგვიანებით საქართველოდან გაქცეული გოჩა ძასოხოვი მას 4-5 მილიონ ევროს სთხოვდა, აგვისტოს ომის დღეებშიც.

 

ყოფილი და მოქმედი ძალოვნები

 

ედუარდ ხუბეჟოვი 2008 წლის ოქტომბერში უკვე კიევიდან ჩამოვიდა ბათუმში. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად აბესლამიძემ დაუდასტურა. მანამდე კი იყო ხანგრძლივი გაქცევა.

 

აბესლამიძის თქმით, ცხინვალიდან თბილისში, იქიდან კი – თურქეთში ჩასული, კრიმინალური სამყაროს გარემოცვაში აღმოჩნდა. შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ, აბესლამიძეში მხოლოდ ფულს ხედავდნენ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მან უკრაინაში გადაწყვიტა გაქცევა და გაიქცა კიდეც. მანამდე კი ის ბათუმელმა ანზორ დუმბაძემ იპოვა.

 

ანზორ დუმბაძემ, რომელიც თანამოქალაქე პოლშენკოს საკმაოდ ახლოს იცნობდა, მისი ძებნის შესახებ რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებით შეიტყო… ანზორ დუმბაძემ თურქეთში იპოვა პოლშენკო თუ პირიქით და მას დახმარებას დაჰპირდა.

 

“თურქეთში პოლშენკომ მითხრა, რომ თუ უსაფრთხოების გარანტიას მივცემდით, ბიუჯეტში 10-დან 100 მილიონ ლარამდე ჩარიცხავდა. რა თქმა უნდა, გარკვეული სარგებელი მეც უნდა მიმეღო. ბათუმში დაბრუნებულმა ჩემს მეზობელს პეტრე დევრიშაძეს
ვუთხარი პოლშენკოს შესახებ, რომელიც აღმოჩნდა, რომ კარგად იცნობდა მის დედას. ის დამპირდა, რომ მოახერხებდა საქართველოში პოლშენკოსთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიღებას. პეტრე შეხვდა თემურ პატარიძეს, მაშინდელი აჭარის კუდის უფროსს და სიტყვიერი გარანტია მივიღეთ”.

 

ანზორ დუმბაძე ამბობს, რომ პოლშენკოს ჩამოსაყვანად კიევში ჩავიდნენ უჩა შანიძე – მაშინდელი აჭარის კუდის უფროსის, ანუ თემურ პატარიძის მოადგილე და მისი ორი თანამშრომელი. დუმბაძის თქმით, კიევის აეროპორტის საპასპორტო შემოწმება ხუბეჟოვმა ყალბი პასპორტით სწორედ უჩა შანიძის ძალისხმევით გაიარა. მათ ახლდა პეტრე დევრიშაძეც (პეტრე დევრიშაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, როცა ბათუმში ჩამოვა).

 

მინდია აბესლამიძე
მინდია აბესლამიძე

“ბათუმში ჩამოვფრინდით, მაგრამ საბაჟო კონტროლი არ გამივლია, თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს”, – ამბობს ალექსანდრე პოლშენკო – “ბათუმიდან თბილისში თემურის თანამშრომლებმა ჩამომიყვანეს. ერთ-ერთი იყო მალხაზ აბულაძე, დათოც… სხვები არ მახსოვს. თავიდან საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეს შევხვდით. მოადგილეს დაახლოებით 5 წუთი ვესაუბრე. სამინისტროში, დაკითხვაზე, ზუსტად სამ დღეს ვიყავი – ვიდეოზე იწერდნენ ყველაფერს. გამომძიებელს აინტერესებდა, როგორ ჩამოვედი რუსეთიდან, ვინ მეხმარებოდა, ყველა დოკუმენტი და პასპორტი რაც მქონდა, მათ წაიღეს.

 

მე მათ ყველაფერი ვუთხარი. რუსეთში კრიმინალური სამყაროს ზეწოლის შედეგად ვეღარ გავაგრძელე საქმიანობა, რადგან ისინი მუდმივად ითხოვდნენ ფულს და მერე წილებსაც. სწორედ ამიტომ გავხდი იძულებული, ლეგალური და მომგებიანი ბიზნესი მიმეტოვებინა და გავქცეულიყავი. ეს რომ არა, არც ერთი ადამიანი არ დაზარალდებოდა. დაზარალებით კი ხუთი ათასი დაზარალდა”.

 

უჩა შანიძე, რომელიც არჩევნების შემდეგ ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა აჭარაში, “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მას სახელი და გვარი – ალექსანდრე პოლშენკო არაფერს ეუბნება.

 

“დიახ, ვიყავი 2008 წელს უკრაინაში ორ მეგობართან ერთად, დასასვენებლად”, – თქვა მან.

 

კითხვაზე, პეტრე დევრიშაძე იყო თუ არა მათთან ერთად? – უჩა შანიძე პასუხობს: “ერთ თვითმფრინავში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ერთად ხარ”.

 

ალექსანდრე აბესლამიძე კი ამბობს:

 

“როცა აქ ჩამოვედი, სახლთან იდგა დაცვა და ყოველ დღე მიძახებდნენ პატარიძესთან კაბინეტში, ეს ხდებოდა ღამის 3 საათზე, 2-ზე, ისინი მხოლოდ ფულზე ლაპარაკობდნენ, მაგალითად ასე – ჩვენ ფული არ გვჭირდება, ჩვენ ქრთამს არ ვიღებთ, ხელფასზე ვმუშაობთ, მაგრამ ხელისუფლებას სჭირდება, რომ შენ რაღაც კარგი გააკეთო… მუქარის მომენტიც იყო…”

 

თემურ პატარიძე, 42 პიკაპი, თუ მილიონები

 

აჭარის მთავრობა, ისე როგორც საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყება, აცხადებს ტენდერებს ავტომანქანების შეძენაზე. “ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტებით, აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ყველა ამ ტენდერში იმარჯვებს პეტრე დევრიშაძე – შემდეგში სპეცოპერაცია “ენვერის” ერთ-ერთი მონაწილე.

 

თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში
თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში

პეტრე დევრიშაძეს 42 პიკაპის საყიდლად ერთ მილიონ დოლარს აძლევს ალექსანდრე აბესლამიძეც. სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციით კი, პეტრე დევრიშაძესთან ამ დაწესებულებებს გაფორმებული აქვთ მიღება-ჩაბარების აქტები, ანუ ბიზნესმენს თანხა სახელმწიფომაც აუნაზღაურა.

 

აბესლამიძის ინფორმაციით, ფული პეტრე დევრიშაძემ საზღვარზე ხელით გადაიტანა, შესაბამისად, თანხა საბაჟოზე დაფიქსირდა.

 

ალექსანდრე აბესლამიძე: “მილიონი დოლარი წავიდა მანქანებზე. შემდეგ დამიძახა პატარიძემ თავისთან კაბინეტში, წამართვეს ტელეფონი, შემიმოწმეს ჯიბეები და მეუბნება, შენ მთავრობას მიეცი ეს ფული და 200-300 ათასს მე არ ვიმსახურებო… იქ ვიყავი როგორც ტყვე… მე მათ ვაძლევდი იმ ხალხის შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც ჩემი ვალი ჰქონდათ, მისი ძმა ოთარი, რომელიც ციხეში იყო ნამყოფი და პეტრე აწარმოებდნენ რუსეთში მოლაპარაკებებს – ჩადიოდნენ და ამ ფულს იღებდნენ. იყო შემთხვევა, როცა პეტრე მეუბნებოდა, – 54 ათასი დოლარი სჭირდება სპეცრაზმს. ოპერაცია სჭირდება უჩას… ყოველ ჯერზე, როცა ჩემი ფული ჩამოდიოდა, რაღაცისთვის იყო ეს ფული საჭირო”.

 

“ბათუმელებმა” თემურ პატარიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

 

ალექსანდრე აბესლამიძის ბიზნესი საქართველოში

 

ანზორ დუმბაძის თქმით, ის ალექსანდრე აბესლამიძეს ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა აბესლამიძე ქსელური მარკეტინგით იყო დაკავებული.

 

“მაშინ მას უჭირდა და მე არაერთხელ დავეხმარე”, – ამბობს ანზორ დუმბაძე.

 

2013 წლის 15 იანვარს კი ალექსანდრე აბესლამიძემ დააფუძნა კომპანია NOVAFOREX-ი, რომელსაც ჰყავდა ოთხი მეწილე. 6 მარტს წილები გაასხვისა ორმა დამფუძნებელმა – გელა გაბაიძემ და ვასილ ხანიშვილმა, ხოლო მესამე მეწილე არმაზ თებიძე კომპანიაში 8%-ს ფლობს. მეწილეების ცვლილების შემდეგ კომპანია დარეგისტრირდა როგორც – Kavkaz Trader-ი.

 

ალექსანდრე აბესლამიძე ამბობს, რომ სრულიად ლეგალური ბიზნესი აქვს – თბილისსა და ბათუმში გახსნა სატრენინგო ცენტრები და ამზადებს ტრეიდერებს, რომლებიც ვაჭრობენ სავალუტო ბირჟაზე.

 

შეიძლება თუ არა ეს იყოს საზოგადოებისთვის სარისკო, მით უფრო, რომ ეროვნულმა ბანკმა 18 თებერვალს მოუწოდა საზოგადოებას, არ გახდნენ ფინანსური პირამიდის მსხვერპლი? ალექსანდრე აბესლამიძე ამბობს, რომ მსგავსი ჯგუფების საქმიანობის შესახებ მასაც სმენია, მაგრამ ეს Kavkaz Trader-ს არ უკავშირდება:

 

“სანამ გვერდზე პეტრე იყო, ამ საქმის დაწყება არ შემეძლო. არც ერთ ბიზნესს, რომელსაც მე ვთავაზობდი, არ იღებდნენ. ერთადერთი, რაშიც ჩადეს ჩემი ფული, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე იყო მიწა. წილებში იყვნენ თემურ პატარიძე, ასლან სმირბა, კობა ჯიჯავაძე, პეტრე დევრიშაძე და მე. დოკუმენტებში მე არსად ვჩანდი, რადგან სულ მეუბნებოდნენ, რომ დოკუმენტებში ჩემი გამოჩენა არ შეიძლებოდა.

 

ეროვნული ბანკის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული განმარტების თანახმად კი: “Forex-ი არის სავალუტო ბაზარი, რომელზეც ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით წარმოებს უცხოური ვალუტით ვაჭრობა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოური ვალუტით ვაჭრობა საქართველოში არ არის შეზღუდული და იგი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს. სავალუტო ვაჭრობაში ჩართული კომპანიების საქმიანობა არ ითვალისწინებს ფიზიკური პირებისგან სახსრების მოზიდვას და მათ განკარგვას. ეს კომპანიები საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ თავიანთი, პირადი რისკის ფასად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი