ახალი ამბები

შრომის უსაფრთხოების დარღვევისას საწარმოს გააფრთხილებენ, ან 50 ლარით დააჯარიმებენ – კანონპროექტი

20 ივნისი, 2017 • 2578
შრომის უსაფრთხოების დარღვევისას საწარმოს გააფრთხილებენ, ან 50 ლარით დააჯარიმებენ – კანონპროექტი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას შეეძლება საწარმო არაგეგმურად შეამოწმოს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ადეკვატურად ვერ პასუხობს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ზედამხედველობის საჭიროებებს.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტით განისაზღვრება შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი. იმიჯნება და კონკრეტდება დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ფარგლები.

კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

“წარმოდგენილი კანონპროექტის მნიშვნელოვან ნაკლოვანებას წარმოადგენს მისი მოქმედების შეზღუდული სფერო, რაც ხელს უშლის როგორც შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გავრცელებას თანაბრად ყველა დასაქმებულზე, ასევე ავიწროებს კანონპროექტით შემოტანილი საზედამხედველო მანდატის გავრცელების არეალს,” – აღნიშნულია EMC-ის მიმოხილვაში.

მოქმედი კანონმდებლობით, ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრანტი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ დასაქმების ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობის გამო შრომის საზედამხედველო ორგანოს ხელიდან გამოეცლება მყისიერი რეაგირების მექანიზმი.

დამსაქმებლის ვალდებულებები

ცვლილებებით, დამსაქმებელი სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თავისი კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია: დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციები და წესები; იზრუნოს, რომ საფრთხის არსებობის პირობებში დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი. უზრუნველყოს, რომ დასაქმებულთა, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური საფრთხის შემცველი ფაქტორების გამო; აწარმოოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის, შესაძლო პროფესიული დაავადებების, საშიში შემთხვევების აღრიცხვა და მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულ(ებ)ს და/ან დასაქმებულ(ებ)ის წარმომადგენელ(ებ)ს.

დასაქმებულის უფლებები

რაც შეეხებათ დასაქმებულებს, კანონპროექტით, დასაქმებულს უფლება აქვს: დამსაქმებელთან განიხილოს სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი შრომის უსაფრთხოების შესახებ; მიიღოს ინფორმაცია რისკის ფაქტორების, რისკის შეფასების შედეგების, დამსაქმებლის მიერ მიღებული შრომის უსაფრთხოების ზომების, სამედიცინო გამოკვლევის შედეგების და ზედამხედველი ორგანოს რეკომენდაციებისა და მითითებების შესახებ; უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას.

მიატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა, როდესაც სახეზეა რეალური საფრთხის რისკი. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;

სანქციები

პროექტის მიხედვით, შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევისთვის კომპანია შეიძლება გააფრთხილონ, დააჯარიმონ, ან საქმიანობა შეუჩერონ.

ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურს უკიდურესი აუცილებლობისას უფლება აქვს შეაჩეროს მიმდინარე კონკრეტული სამუშაო პროცესი, თუ შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებითი საფრთხე ექმნება სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დასაქმებულის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყონებლივ გამოსწორება სავალდებულოა.

სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ კომპეტენტური სამსახური ვალდებულია ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ. სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრამდე.

ცვლილებებით, შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს გაფრთხილებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. განამრტებითი ბარათის თანახმად, კანონით განსაზღვრული სანქციები 2019 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუკი სახეზე არაა საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა, გამოიწვევს გაფრთხილებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყოველი პირობის შეუსრულებლობაზე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა.

შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, საქმიანობის უფლების შეჩერებით ან მის გარეშე.

EMC მიიჩნევს, რომ სანქციების ადეკვატურობისა და ეფექტურობის საკითხი პრობლემურია. ორგნაიზაციის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 50 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმა შეუძლებელია მივიჩნიოთ ადეკვატურ ოდენობად, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებლებთან დაკავშირებით, რაც ორგანიზაციის აზრით, იმთავითვე აჩენს ეჭვებს სანქცირების მექანიზმის ეფექტურობასთან დაკავშირებით და აუცილებლად უნდა გადაიხედოს. მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ხარვეზებს შეიცავს კანონის პროექტით გათვალისწინებული გაფრთხილებისა და საქმიანობის შეჩერების მექანიზმები.

გარდა ამისა, პაკეტით გათვალსიწინებულია  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან 42-ე მუხლის ამოღება. EMC-ს მიაჩნია, რომ 42-ე მუხლის ამოღება გააუარესებს და მნიშვნელოვნად დაასუსტებს შრომის საზედამხედველო კანონმდებლობას, რამდენადაც მუხლის მოქმედება ვრცელდება ყველა დამსაქმებელზე და შრომის ყველა სახეობაზე, განსხვავებით კანონპროექტისგან, რომელიც საკუთარი მოქმედებას მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ავრცელებს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იქნება თუ არა სანქციები ეფექტური, მომავალი გვაჩვენებს:

“ჯერ რეგულაცია არ ამოქმედებულა და უკვე ვაფასებთ, რომ ეფექტური არ იქნება. მაღალი რისკის საწარმოებში რომ შედის ინსპექცია, ეს პირველი ეტაპია და არა უკანასკნელი,” – აღნიშნავს ხუნდაძე.

პროფკავშირების მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 421 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 – მძიმედ დაშავდა. 2015 წელს სამუშაო ადგილზე 42 ადამიანი გარდაიცვალა, 80 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. უკვე 2016 წელს 2016 გარდაიცვალა 58, ხოლო მძიმედ დაშავდა 84 მუშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი