როგორ ცხოვრობენ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა ოჯახის წევრები

28 აპრილი სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღეა. ამასთან დაკავშირებით დღეს გაერთანებულმა პროფკავშირებმა და დასაქმებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა.

პროფკავშირების მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 – მძიმედ დაშავდა. 2015 წელს სამუშაო ადგილზე 42 ადამიანი გარდაიცვალა, 80 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. უკვე 2016 წელს 2016 გარდაიცვალა 58, ხოლო მძიმედ დაშავდა 84 მუშა.

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

10 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, აფეთქება რომ მოხდა

კობა ცუცქირიძე ჭიათურაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 2014  წლის 28 დეკემბერს დაიღუპა. ჩვენ მის ცოლს, მარინა ცუცქირიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც თავისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ გვიამბო:

“პირველი ცვლა იყო და 7 საათზე წავიდა სახლიდან, 12 საათზე კი უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ მიყვანილი. როგორც მითხრეს, იცოდნენ, რომ იქ (მაღაროში) კაფსულა იყო, იმიტომ, რომ წინა დღეს ჟურნალში წერდნენ, რომ იქ დარჩენილი იყო კაფსულა. მაგრამ მაინც შესულან, როგორც ცვლის უფროსმა მითხრა, არ დალოდებიან გამნაღმველის მისვლას, რომ გაენაღმათ, და თვითონ იღებდნენ.

10 თვის დაწყებული ჰქონდა მაღაროში მუშაობდა. მანამდე კოოპერატივში მუშაობდა 3 წელი. იქ იყო ძალიან მცირე ხელფასი და ამიტომ გადაწყვიტა, რომ წარმოებაში გადასულიყო… ძალიან ბევრი იწვალა, რომ მანდ მოხვედრილიყო.

გამოძიება დაიწყო და 4 სასამართლო პროცესი ჩატარდა. მორიგებით დასრულდა პროცესი და დაგვინიშნეს ერთჯერადი დახმარება. იმ თანხას არ გვაძლევნდნენ, რასაც ვითხოვდით. მერე იყო ის, რომ ძალიან გაღიზიანებული ვიყავით იმიტომ, რომ მე ერთი წელი ისედაც ვიარე ამ საქმეზე, ბევრი საბუთი იყო გასაკეთებელი, ბევრი წვალებით… მერე უკვე ისე ვიყავი, რომ აღარც შემეძლო გამეგრძელებინა ეგ პროცესი, რომ გამესაჩივრებინა. ფიზიკურად აღარ შემეძლო. დავთანხმდი იმას, რაც მომცეს.

არ ვმუშაობ. ორი ბიჭი მყავს. 19 წლის არის უფროსი და მეორე – 17 წლის, მეთერთმეტეკლასელი. ოჯახში ქმარი ერთადერთი შემომტანი იყო. ჰქონდათ პენსიები ბავშვებს, ერთს კი მოუხსნეს, როცა სრულწლოვანი გახდა ერთი წლის წინ, და ერთს კიდევ აქვს, 100 ლარს იღებს თვეში. სხვა არაფერი შემოსავალი არ გვაქვს. გვაქვს სოციალური დახმარება, დედაჩემი არის ჩემთან და პენსია აქვს მას. მეტი შემოსავალი არ გვაქვს.

მიმასწავლეს, რომ პროფკავშირებში მივსულიყავი და იქიდან მოხდა დახმარება. კომპანიამ თანხა უკვე გადაგვიხადა. მითხრეს, რომ არ არის საჭირო ამ თანხის რაოდენობის დასახელება. ამ თანხით ჭიათურაში ბინა შევიძინე, გავარემონტე და მოვაწესრიგე.  ჩემი ძმის ბინაში ვცხოვრობ ამ წუთას.

თანხა ნამდვილად არ იყო საკმარისი. ის თანხა უკვე დავხარჯეთ და ახლა ხომ გვინდა, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება?! ისიც არის, რომ ვერსად მუშაობს ჩემი შვილი, ვერც ვასწავლე და საკმარისი ნამდვილად არ არის. იმათაც [ჯორჯიან მანგანეზს] კი ვუთხარით, რომ დაესაქმებინათ. მაღარო არ მინდოდა, ნამდვილად ვერ შევუშვებ მაღაროში. მინდოდა, ქარხანაში დაესაქმებინათ, მაგრამ ახალს ვეღარავის ვეღარ დავასაქმებთო, ასე მითხრეს.

ჩემი ძმა მოსკოვში ცხოვრობს და მომცა თავისი ბინა. ეს ბინაც რომ გავარემონტე, მას მერე არ ყოფილან [სოციალური სამსახურიდან] შემოწმებაზე. 2 წელი გახდა აპრილში, რაც ვღებულობ დახმარებას და მეშინია იმისიც, რომ მოვიდნენ და სოციალურიც მომიხსნან. 

ეს თანხა ვიდრე გვქონდა, ყველაფერს იმით ვაკეთებდით აქამდე. ახლა უკვე აღარ გვაქვს ეს თანხა და არ ვიცი… ვახერხებთ, ჯერჯერობით ასე გავიტანოთ თავი ამ სოციალურით, ისიც თუ არ მოგვიხსნეს, და პენსიებით, ჯერჯერობით”…

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

მამის რამდენიმეწლიანი დავა კომპანიასთან, სადაც მუშაობის დროს შვილი დაეღუპა

21 წლის ვალერი ჟღენტს 2013 წელის დასასრულს სამსახურში ამწემ გადაუარა. მომხდარის შემდეგ მამა, მურთაზ ჟღენტი სასამართლოს გზით ჯერ კიდევ იბრძვის კომპანიისგან კომპენსაციის სრულად მისაღებად და აპირებს, მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს: 

“20 წლის იყო, როცა ფოთში, “ბარვილ ჯორჯიაში” დაიწყო მუშაობა. 1 წელი იმუშავა. სამსახურის შესრულების დროს 40-ტონიანმა კონტეინერმზიდმა გადაუარა ქვედა კიდურებზე. ქვედა კიდურები მთლიანად, 10 ადგილას დამტვრეული იყო. 1 თვე იყო საერთოდ უგონოდ, აპარატზე იყო შეერთებული, აპარატიდან რომ გამოვიდა, ტვინის შეშუპება დაეწყო და 6 თვე ვერ გვცნობდა. მაგრამ, ნელ-ნელა აღუდგა ყველაფერი, გამომჯობინდა, 2 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი.

ოპერაციის დროს გარდაიცვალა. თანხებიც საჭირო იყო… თანხა რომ მქონოდა, შეიძლება გადარჩენილიყო კიდეც. წავიყვანდით თურქეთში ან სხვაგან… 50 ათასი ლარი უნდოდა, მაგარამ ამათ კატეგორიული უარი მითხრეს, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო, რეანიმაციაში გადავიხადეთო.. სასამართლოს თუ მოგვიგებ, გადავიხდითო.

სამოქალაქო წესით კომპანიას იმავე წელს, 2014-ში ვუჩივლე. 2-3 წელი გაიჭიმა სასამართლო… ჩემი შვილი, სასამართლო რომ მიმდინარეობდა, მაშინ გარდაიცვალა.

სასამართლო მოვუგე, პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანციაც და ახლა ველოდები, თუ გაასაჩივრებენ ისევ უზენაესში. კომპენსაცია მოვითხოვე 100 000 ლარი, მაგრამ დამიკმაყოფილეს 60 000. აქედან  30 000 გადამიხადეს. დარჩენილი 30 000-ის გადახდა არ უნდათ, იქნებ მოვრიგდეთო.  ჩვენ უარზე წავედით და მეორე ინსტანცია მოვიგეთ. პროფკავშირები დაგვეხმარა, გვერდში დამიდგნენ.

პირველად ქუთაისში ვიყავით 1 თვე, ქუთაისიდან გადავიყვანეთ ინგოროყვას კლინიკაში. 1 წელი ვიყავით თბილისში. მისი ჩამოყვანა არ შეიძლებოდა. მერე ბინა ვიქირავეთ და ამ ბინის თანხა ათასობით დაჯდა. ბინა ჩავდეთ და გვართმევდნენ, უკვე… ვის არ ვთხოვდით დახმარებას. “ბარვილ ჯორჯიამ” ამაზე არაფერი აბსლუტურად. რომ გარდაიცვალა, იმაზეც არ მოსულან, იქნებ რამე… საერთოდ არ მოგვაქციეს ყურადღება.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც და ფოთის სასამართლომ სამი პირს- ცვლის უფროსს, მემანქანეს და ტერმინალის მუშას- გირაო შეუფარდა..

ვაპირებ, შევიტანო სასამართლოში მოარალური ზიანის ანაზღაურებაზე იმიტომ, რომ იმხელა ტრავმა მოგვაყენეს. როდესაც ცოცხალი იყო, “ბარვილ ჯორჯია” გადავკეტე, 3 საათი გადაკეტილი მქონდა, სანამ ცოცხალი იყო. იმიტომ, რომ საერთოდ არ გვეხმარებოდნენ, აქციები მოვაწყვეთ. სავადმყოფოში რეანიმაციის ხარჯების გადახდაც არ უნდოდათ… შემდეგ ნახეს, რომ ძვირი უჯდებოდათ იმიტომ, რომ გემის გაჩერება არ შეიძლება, ფული უნდა გადაუხადონ. ამიტომ გადაურიცხეს 20 ათასი საავადმყოფოს.

ის 30 ათასი რომ გადაგვიხადეს, ბინის პრობლემა მოვიხსენით…. ერთი გოგო მყავს. არავინ არ ვმუშაობთ, თვითონ იყო ოჯახის მარჩენალი. არავითარი დახმარება, სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს, ოღონდ ფულადი დახმარებით კი არა, სამედიცინო კუთხით. სახლში ვართ, მეუღლე ხანდახან გამოძახებით მუშაობს მაღაზიაში, და ვირჩენთ თავს…”

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

მატარებელმა ფეხზე გადაუარა, 16 დღეში დაიღუპა

63 წლის ზაურ გერლიანს რკინიგზის მარნეული-კაზრეთის მონაკვეთზე მატარებელმა ფეხზე გადაუარა. 2016 წლის ოქტომბერში, მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, ზაურ გერლიანი, რომელიც რკინიგზაში მუშა-ბრიგადირად მუშაობდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, ბოლნისში, ადგილობრივ ანსამბლ შვიდკაცას სოლისტი იყო.ზაურს ცოლი და ხუთი შვილი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დარჩა. “ნეტგაზეთი” დაღუპულის ცოლს, მზია პაკელიანს ესაუბრა:

“2016 წლის 5 ოქტომბერს, 7 საათზე, სამუშაოზე გავიდა. იმ დღეს, დილით, შეუძლოდ გრძნობდა თავს და მე ვთხოვე, დავურეკოთ თქვენს ოსტატს და იყავი სახლში-მეთქი. წნევა გავუსინჯე და ძალიან დაბალი ჰქონდა. მაინც არაო, საერთოდ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. 8 საათიდან 5 საათამდე იყო მათი სამუშაო გრაფიკი. როცა შეასრულეს, ანუ იმუშავეს, ჩემს მეუღლეს დავალებული ჰქონდა იმ მონაკვეთის შემოვლა, იყო თუ არა სწორად იქ გადაადგილება, შაბლონები, რელსები. ამ დროს წაბარბაცდა, ანუ წნევა დაეცა… დაღლილს, მთელი დღის ნამუშევარს მატარებელმა გადაუარა მარჯვენა ფეხზე. ინტენსიური მოძრაობა არ არის იმ მონაკვეთზე. მატარებელი ძალიან ნელა გადაადგილდება, საათში მხოლოდ 15 კილომეტრს გაივლის.

მატარებლის მემანქანემ გააჩერა, 40 მეტრში აქვს გაჩერებული… მატარებელმა ფეხი იქვე მოჭრა. იმ წუთას არ დაღუპულა ჩემი მეუღლე, მაგრამ, ტრავმისგან ჰემორაგიული შოკი განუვითარდა და 16 დღის შემდეგ დაიღუპა. ყველაფერი ვიღონეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ და დაიღუპა ასე, ძალიან უბრალოდ და ძალიან საცოდავად.

მერე ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები, საქმე აღიძრა, ჩატარდა ექსპერტიზა. მაგრამ ხომ იცით, თავს არავინ იდანაშაულებს. მაშინ უნდა იყვირო, შეყარო ქვეყანა და მე და ჩემი შვილები ამ კატეგორიის არ ვართ… საქმე დაიხურა ჩვეულებრივად, შემოდეს თაროზე, თვითგაუფრთხილებლობის მოტივით, არავის ბრალეულობა არ უნდადათ გამოეკვეთათ. ჩვენი ლმობიერებითაც ისარგებლეს, რომ ჩვენ არ ვიყავით მომჩივანი ხალხი.

ყველაზე ძალიან რაც მაინტერესებდა, ვერც ერთ დასკვნაში ვერ წავიკითხე, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მათ აქვთ მუხრუჭი, ის არის თუ არა გამოყენებული… იქ ძალიან თავისუფლად შეიძლება, რომ ყურადღება გამოეჩინათ მემანქანეებს, რომ გაეჩერებინათ, როდესაც დაინახეს, რომ კაცი წაქცეული იყო, ფეხი იყო რელსზე. თანაც, მათი ფორმები ფოსფორისფერია და ანათებს. თაკარა მზე იყო. თვითონ თანამშრომლებმაც იჩქარეს, წამოვიდნენ და ეს დარჩა, რომ შეემოწმებინა გზა და ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვა იბადება და პასუხები არ ვიცი…

დავწერე განცხადება, რომ არ ვაპირებ ჩივილს, არ ვაპირებ კანონდამცველის აყვანას, გთხოვთ, დამეხმაროთ სარიტუალო ხარჯებში მაინც-მეთქი. ძალიან ბევრი დაჯდა ეს ყველაფერი. დაიღუპა პენსიამდე მიუღწეველი კაცი. 12 წლის განმავლობაში  ერთი სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მიუღია არც გაცდენაზე, არც დაგვიანებაზე, არც შრომის განაწესის დარღვევაზე, მის მონაკვეთზე ერთი მატარებლის ჩავარდნაც არ ყოფილა. პატარა რაღაცით რომ ოჯახს დახმარებოდნენ, კატეგორიულად მითხრეს უარი. ამაზე ძალიან დამწყდა გული. კი არ ვსპეკულირებ, არ ვარ მატერიალისტი, მაგრამ ადამიანი დაიღუპა, დავკარგეთ ორი შემოსავალი, კულტურის სფეროდან და რკინიგზიდან. ჩემი 400 ლარით ვცხოვრობთ 7-სულიანი ოჯახი, ასეთი რაღაცების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.

ვაპირებ, რომ მოვიპოვო სამართალი რამენაირად. ადამიანის ასეთი წასვლა ამ ქვეყნიდან რაღაც სულ უბრალოდ, რომ არავის ბრალულობა არ გამოიკვეთა, არც მემანქანის, არც სამუშაოს მწარმოებლის… არავინ არ დაინტერესდა ამით. მარტო იმით, რომ ადამიანს გული წაუვიდა, ცუდად გახდა, ჩაეძინა თურმე და ვერ დაიცვაო პირდი უსაფრთხოება – ეს წერია რკინიგზის დასკვნაში. 

უნდა დამეხმაროს პროფკავშირი, რაღაც-რაღაცებში ვერკვევი და ცოტა კიდევ ეიფორიაში ვარ ამ ყველაფრის მერე, რომ დამეკისრა ოჯახი, ყველაფერი, მე თვითონაც ვმუშაობ…

ამით, იცით, რა მინდა ვქნა? მარტო იმას კი არ მივაღწევ, რომ ვინ არის მართალი. ვთქვათ, ახლა ჩემი შვილი დაიწყებს მუშაობას, იმის უსაფრთხოებაც მინდა, რომ დაცული იყოს. და ნებისმიერი, 15 000 რკინიგზელია, რომელთაც, არაადამიანურ პირობებში უხდებათ მუშაობა. 5 შვილის დედა ვარ და არ მინდა, ამ ქვეყანაში კიდევ ვინმეს მოუვიდეს ასეთი რამ.

შემიძლია სამოქალქო სარჩელო შევიტანო და რკინიგზას შევედავო. მაგრამ, იცით, რა არის? ოჯახის ძალიან ბევრი მეგობარი მუშაობს რკინიგზაზე, რაღაც წრე იყო, რომელთაც ზაურისთან უხაროდათ ჩამოსვლა, სიმღერა, ასე შემდეგ. ისინი არ დაზარალდნენ, ამაზეც ვფიქრობთ. ახლა ჩემი შვილი უნდა მიიღონ ისევ ამ მუშის თანამდებობაზე. იმდენად გვიჭირს ეკონომიკურად, რომ თვითონ შვილმა მითხრა, წავალ, აქ ვიმუშავებო, რა ვქნაო. წარმოიდგინე, მე რა დედა ვარ, რომ ვუთხრა, არა, ვერ წახვალ. არ იცის ჯერ იქაური პირობები, ვერც იმას ვეუბნები, რომ არ წახვიდე, იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს ფული და ოჯახს სჭირდება.”

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

21-ე საუკუნეში ადამიანები სამუშაო ადგილზე არ უნდა ასრულებდნენ სიცოხლეს”

“სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა სტატისტიკა ზუსტი არ არის, რადგან დამსაქმებელი ხშირად ურიგდება გარდაცვლილი მუშის ოჯახს, რათა ფაქტი არ გაახმაურონ,”  – ამბობს თეიმურაზ გვენეტაძე, საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელის მოადგილე.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, სტატისტიკაში ასევე არაფერია ნათქვამი იმ ადამიანებზე, რომლებიც სამუშაო ადგილებზე მიღებული დაავადებების შემდეგ გარდაიცვალენ:

“ჩვენი თანამოქალაქეები იღუპებიან სამუშაო ადგილებზე, იღუპებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რეგულაციები არ არის ქვეყანაში;  იღუპებიან იმის გამო, რომ საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები არ არის დანერგილი საქართველოში. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მაიქციოს ამ საკითხებს, 21-ე საუუკეში ადამიანები სამუშაო ადგილზე არ უნდა ასრულებდნენ სიცოცხლეს.”

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შრომის უსაფრთხოების საკითხები დასაქმებულთა შრომითი უფლებების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად მიიჩნია და 2003 წლის 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშათა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიოში 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი