ახალი ამბები

ახალაიას და სხვების საქმის არსებითი განხილვა 22 მარტს განახლდება

18 მარტი, 2013 • 1235
ახალაიას და სხვების საქმის არსებითი განხილვა 22 მარტს განახლდება

პროკურორება ისაუბრეს საქმის შემადგენელი რამდენიმე ეპიზოდის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ერთი ეპიზოდი ეხება სამხედროებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, როდესაც ახალაიამ ერთ-ერთ ჯარისკაცს თავის კაბინეტში დანის ტარი ჩაარტყა თავში;  მეორე ეპიზოდი ეხება ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს; მესამე ეპიზოდი ეხება სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურად დასჯას, მეოთხე ეპიზოდში საუბარია ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ, ბაზაზე ტელეფონის უნებართვოდ შეტანის გამო.

 

ბრალდების შესავალი სიტყვის შემდეგ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ საპასუხო სიტყვის მოსამზადებლად რამდენიმედღიანი ვადა ითხოვა. 

 

ადვოკატების თქმით, პროკურორების მიერ წარმოდგენილ შესავალ სიტყვაში ბევრი უზუსტობაა, რამაც შესაძლოა მოსამართლე შეიყვანოს შეცდომაში.

 

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

მათი თქმით, 2-3 დღე ჭირდებათ იმისათვის, რომ ბრალდებულებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასა და გაგა მკურნალიძესთან, რომლებიც არიან პატიმრობაში, შეაჯერონ საპასუხო პოზიცია და გაასწორონ ის ფაქტობრივი უზუსტობები, რაც პროკურატურის შესავალ სიტყვაში იყო.

 

პროკურატურა ადვოკატების პოზიციას არ დაეთანხმა. მათი თქმით, მათ მიერ წარმოდგენილ შესავალ სიტყვაში ახალი არაფერი არ იყო და ბრალდების გარემოებები მათთვის აქამდეც იყო ცნობილი, შესაბამისად, მათ მოსამართლეს განუცხადეს, რომ დაცვის მხარისთვის პოზიციების შესაჯერებლად 2-3 საათი საკმარისი იქნებოდა.

 

მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და შემდეგი პროცესი დანიშნა 22 მარტს, 12:00 საათზე. 22 მარტს სასამართლო მოისმენს დაცვის მხარის პოზციას, ასევე, მხარეები მოილაპარაკებენ მოწმეთა დაცვის განრიგზე, რადგან ათეულობით მოწმეა დასაკითხი.

 

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა აუდიოჩაწერის და მოსამართლემ მხოლოდ ადვოკატებს მისცა ამის უფლება, რასაც შეეწინააღმდეგნენ პროკურორები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საკმარისი იყო სხდომის მდივნის ჩანაწერი.

 

საქმეს განიხილავს მოსამართლე გიორგი დარახველიძე. პროკურორები არიან ლევან ბაჩიაშვილი, ჯემალ კოკაიძე და ირაკლი ნადარეიშვილი.

 

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ დეპუტატები – აკაკი მინაშვილი, როლანდ ახალაია, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი,  და სხვა მხარდამჭერები, რომლებიც ბაჩო ახალაიას კვლავ ტაშით შეხვდნენ, როდესაც ის სასამართლოს დარბაზში შემოიყვანეს. აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვას მონიტირინგს უწევს ეუთო–ს რამდენიმე წარმომადგენელი.

 

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ყველა ბრალდებული, მანუჩარ დარასელისასა და გიორგი კინწურაშვილის გარდა. საქმეში ბრალდებულია 7 პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი