ახალი ამბები

აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

19 ივნისი, 2017 • 2117
აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ჟურნალისტების მოთხოვნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიაში დღეს, 19 ივნისს შევიდა.

“ჩვენ, ჟურნალისტები, ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ფაქტს. აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში მიყვანისას, მისი ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. ჩვენ ვშიშობთ, რომ აფგან მუხთარლის ჯანრთელობა და სიცოცხლე ამჟამად საფრთხეშია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგნელები. თავად მუხთარლიმ ადვოკატს განუცხადა, რომ გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულად და ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები. ეს ფაქტები არა მარტო დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში. ევროპარლამენტარები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ეს ფაქტი. გამოძიება კი ჭიანურდება. უფრო მეტიც, აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არის გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალები, ხოლო გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალები დაზიანებულია.

ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე. ამ კითხვებზე პასუხებს ჟურნალისტები ვითხოვთ უკვე 21-ე დღეა. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის საქმის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას. გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალის გასაჯაროებას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბატონო პრემიერო, ჩვენ, ჟურნალისტები, ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რათა ამ საკითხებზე მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია”,- ნაქვამია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ მოთხოვნაში.

მიმართვას 59 ჟურნალისტი და მედიასაშუალება აწერს ხელს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი