“საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე შესაძლოა მთავარი პროკურორისათვის უცნობია ასეთი გამოძიების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ კვირას მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამომძიებელ გიორგი მუჯირის მიერ დავიკითხე როგორც მოწმე. დაკითხვისას ამოსაცნობად წარმომედგინა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული რამდენიმე საუბარი, განხორციელებული ე.წ. სკაიპის მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა ჩემს მიერ საფრანგეთიდან, ჩემი კომპიუტერით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ანალოგიურ საქმეზე ორი დღის წინ დაიკითხა ჩემი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი და მასაც წარედგინა ასეთი საუბრები ამოსაცნობად. ბოლო საუბარი, რომელიც წარმოგვედგინა ორივეს, დათარიღებული გახლდათ 2012 წლის 11 ნოემბრით. თუ ეს ყველაფერი მომეჩვენა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მთავარ პროკურატურას ვთხოვ, გამოაქვეყნოს ჩემი დაკითხვის ოქმი, რაც ნათელს მოჰფენს ყველაფერს”– ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ღია ეთერისთვის” მიცეულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს მისი საუბრების უკანონოდ მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში ხორციელდებოდა:
” ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების მერე. ოქტომბერი-ნოემბერი სრულად და ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გამოგზავნილი ვირუსებით”, – განაცხადა ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
ოქრუაშვილის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომლის თქმით, ოქრუაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონოდ უსმენდნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება:
“ფაქტობრივი უსწორობაა საკითხში იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პერიოდში მსგავსი ფარული, უკანონო მოსმენა და მიყურადება არ ხდება და თუ მის განცხადებაში ამჟამინდელ ვითარებაზე არის საუბარი, მაშინ ეს სინამდვილის შეუსაბამოა. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, თუ მისი განცხადება შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ხდებოდა ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა “მთავარ კითხვაში” საუბრისას.