ახალი ამბები

რ2: როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას გაექცა, ხოლო მეორე პირი მისი გაქცევის შემდეგ დააკავეს

17 ივნისი, 2017 •
რ2: როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას გაექცა, ხოლო მეორე პირი მისი გაქცევის შემდეგ დააკავეს

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ბ. კ. პოლიციელებს გაექცათ, ხოლო მეორე პირი ზ. ქ. მისი გაქცევიდან 9 საათის შემდეგ დააკავეს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ბ. კ., რომელსაც  როსტომაშვილის მიმართ ყაჩაღობა ედება ბრალად, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დაკითხვის შემდეგ, როდესაც წინასწარი მოათავსების იზოლატროში უნდა მოეთავსებინათ, პოლციელებს გაექცა. მისი გაქცევა “კურიერს” ბრალდებულის ადვოკატმაც დაუდასტურა.

“ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, ქალაქ თბილისში არსებულ პოლიციაში, სადაც მე შევხვდი 14 ივნისს, გამომძიებლებისა და პროკურორის თანდასწრებით. პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს, რომ მოეთავსებინათ წინასწარი დაკავების საკანში და როცა საბუთების გაფორმება მოხდა, მაშინ მოხდა, გაქცევა დავარქვათ. გაიქცა, გააქციეს, მიიმალა თუ რა ვითარებში იყო, ეს უკვე მაგათი ის არის”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ლოვერტ კუპატაძემ.

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი