“ფაქტობრივი უსწორობაა საკითხში იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პერიოდში მსგავსი ფარული, უკანონო მოსმენა და მიყურადება არ ხდება და თუ მის განცხადებაში ამჟამინდელ ვითარებაზე არის საუბარი, მაშინ ეს სინამდვილის შეუსაბამოა. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, თუ მისი განცხადება შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ხდებოდა ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა “მთავარ კითხვაში” საუბრისას.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს მისი საუბრების უკანონოდ მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში ხორციელდებოდა:
” ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების მერე. ოქტომბერი-ნოემბერი სრულად და ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გამოგზავნილი ვირუსებით”, – განაცხადა ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
