კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორი საქართველოს მთავრობაა, ბრალდებულს უფლება აღარ აქვს აირჩიოს, თუ რა ტიპის სასამრთლომ სურს გაასამართლოს, იქნება ეს ჩვეულებრივი,  თუ ნაფიც მაჯულთა სასამართლო. საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის მიღება ბოლშევკურ წარსულში დაბრუნებას ნიშნავს:

 

“კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩათვალა არასაკმარისად მომზადებულად, შესაბამისად, მან არ გაუწია დადებითი რეკომენდაცია ამ კანონპროექტის განხილვას პლენარულ სხდომაზე. ცვლილებებით ბრალდებულის უფლებები იზღუდება.  ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე გვაქვს ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების, ყოფილი თანამდებობების პირების მიმართ. მათ არ აქვთ სამართლებრივი არგუმენტები, არ აქვთ მტკიცებულებები და ამიტომ ცდილობენ საზოგადოებაში შექმნილი ნეგატიური მოსაზრებებით მიიღონ სასამართლო გადაწყვეტილებები. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს. ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება ამ ცვლილებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნდა იყოს ბრალდების და დაცვის მხარის არჩევანი და არ უნდა იყოს პროკურატურის გადასაწყვეტი იმიტომ, რომ ეს შემთხვევა იქნება სწორედ ჩვენი დაბრუნება ბოლშევიკურ წარსულში, სადაც სწორედ ხალხის სახელით, ადამიანის უფლებების და კანონის უგულებელყოფით, საზოგადოების ერთი ნაწილი იღებდა გადაწყვეტილებებს საზოგადოების მეორე ნაწილის გასანადგურებლად.”

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ დამატებითი არგუმენტები და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლაა საჭირო:

 

“ჩვენმა კომიტეტმა გამოთქვა კრიტიკული მოსაზრება, რომ გარკვეული კუთხით ეს ახალი ცვლილება მოითხოვს უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას და დაზუსტებას. ამიტომ ჩვენს დასკვნაში ავსახავთ, რომ შემდეგ ეტაპზე განხილვის დროს წარმოდგენილი უნდა იყოს ინიციატორებისგან იმ ქვეყნების მაგალითი, პრეცედენტი და პრაქტიკა, სადაც არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის უფლება. ჩვენ არ გვითქვამს, რომ საკითხი არ არის მომზადებული, ჩვენ დასკვნაში მივუთითებთ, რომ დამატებით ჭირდება არგუმენტების მოხმობა და კიდევ უფრო უნდა იყოს საკითხი მომზადებული. ასე რომ, განხილვა გაგრძელდება იურიდიულ კომიტეტზე, თუმცა ჩვენი მოსაზრებები, რომლითაც გვინდა, რომ კიდევ უფრო წონადი არგუმენტები წარმოადგინონ ინიციატორებმა, ეს პრინციპი იქნება დასკვნაში ასახული. ვნახოთ, სად არის ანალოგიური პრაქტიკა, ხომ არ ზღუდავს ეს პრინციპი ადამიანის უფლებებს.”

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით ბრალდებული თვითონ წყვეტს, რა ტიპის სასამართლომ სურს რომ გაასამართლოს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *